საქართველოში მოვლენების შეფასებისას ორმაგი სტანდარტის გამოყენება და ქვეყანაში რადიკალიზაციისა თუ არეულობის მოწყობა - კრიტიკის ადრესატი კვლავ დასავლეთია. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, საქართველოს ომში ჩართვის საფრთხეებიც რეალურია. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების აზრით, ქვეყანაში მშვიდობა ქართული ოცნების პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა. ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევის შესახებ დღეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და ევროპული ბიუროკრატია საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად, მდინარაძემ სხვადასხვა მიმართულებით, ქვეყნის მიღწევები დაასახელა.