საპატრულო პოლიციამ ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

საპატრულო პოლიციამ ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2025-08-17 12:15:44+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალი“-ს გადაკვეთისას, სავალდებულო საზღვრის კონტროლის გავლის დროს, წამოადგინა გაყალბებული დოკუმენტები და მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით თანხა შესთავაზა. სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე, ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.