უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. ზელენსკისა და ტრამპს შორის „ხანგრძლივი და შინაარსიანი“ საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ალასკაში შეხვდა, ამ შეხვედრამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ვერ უზრუნველყო. ზელენსკის ცნობით ის ტრამპს ჯერ პირისპირ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა, შემდეგ კი შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ, დაახლოებით ნახევარი საათით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან განიხილავს და აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მიწვევისათვის. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია ევროპელების ჩართულობა და რომ კიევი განაგრძობს პოზიციების კოორდინაციას ყველა პარტნიორთან.