აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განხილულ თემებზე ისაუბრეს. პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია - რომ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად უნდა აღმოიფხვრას ის, რასაც რუსეთი კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს. დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის. პუტინის და ტრამპის გამოსვლების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს არ მიეცათ კითხვების დასმის საშუალება. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებებს გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.