თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხომერიკი ბრალს არ აღიარებს. ისევე როგორც ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია, რომლის სასამართლო პროცესიც დასკვნით ეტაპზეა. დღეს ბრალდების მხარე ირწმუნებოდა, რომ კაცია პირადი ჩხრეკისას აგრესიული იყო და მანქანაში წინააღმდეგობის მიუხედავად, თანამშრომლებმა თეთრი ფერის ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. რატომ ვერ მოხერხდა ჩხრეკის ვიდეო გადაღება და რატომ არ ესწრებოდა პროცესს ნეიტრალური მოწმე? ბრალდების მხარემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ყველა ამ საკითხზე საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა. ამასობაში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი. ის სხდომათა დარბაზიდან გაავისუფლეს.