აქციების დროს დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებული დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. ანატოლი გიგაური მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივით აღძრეს. დაცვის მხარე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.