ადგილობრივი ექსპორტი 6.4%-ით გაიზარდა. ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი რუსეთი, ჩინეთი და თურქეთია. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 მილიარდ 234 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 13.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.6 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტით გაიზარდა და 1 მილიარდ 473 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ამ წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი. ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები.