ქართული წარმოების სპირტიანი სასმელების ექსპორტი 16.5%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, ექსპორტზე 22 913 ტონა სპირტიანი სასმელი გავიდა. მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-მაისში ექსპორტირებული იყო 27 442 ტონა სასმელი. გასულ წელს 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 3.4 დოლარი იყო, წელს კი 3.5 დოლარია. შესაბამისად, საექსპორტო ფასი მცირედით 10 ცენტით, მაგრამ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ქართული სპირტიანი სასმელების ექსპორტში უდიდესი წილი - 59% რუსეთზე მოდიოდა. რუსეთის გარდა, საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმელებისთვის მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარია სომხეთი, უკრაინა, საფრანგეთი და ბელორუსი. რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია 8.8%-ით. უფრო კონკრეტულად, თუ წელს ხუთ თვეში საქართველომ 3 472 ტონა სპირტიანი სასმელები იყიდა, შარშან 3 190 ტონა შემოვიტანეთ. ხოლო იმ ძირითადი ქვეყნების ჩამონათალში, საიდანაც სპირტიანი სასმელები შემოგვაქვს, შედის უკრაინა, ბელარუსი, გაერთიანებული სამეფო და სომხეთი.