დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ვრცელი განცხადებით ეხმაურება. სტივენ დოუთი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და დიდი ბრიტანეთისგან საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. მისი თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ საკუთარი მტკიცე და მკაფიო პოზიცია უკვე არაერთხელ გამოხატა, მათ შორის, ქართული ოცნების მისამართით გაკეთებული კონკრეტული მოწოდებებით. დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება, ისევე, როგორც მზაობა დახმარებისა, რომელიც ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული ნორმების დაბრუნებას გულისხმობს.