მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ისრაელის მოქალაქეებმა თბილისში 1 745 უძრავი ქონება იყიდეს, რუსეთის მოქალაქეებმა კი 317 - Palitra News

მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ისრაელის მოქალაქეებმა თბილისში 1 745 უძრავი ქონება იყიდეს, რუსეთის მოქალაქეებმა კი 317

2025-07-10 15:27:25+04:00

მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ისრაელის მოქალაქეებმა თბილისში 1 745 უძრავი ქონება იყიდეს, რუსეთის მოქალაქეებმა კი 317. ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენის ინტერესი სულ უფრო იზრდება. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდის სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც ამ წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა. „გალთ&თაგარტმა“ უახლესი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც სისტემური დეველოპერები გამოკითხეს, რაც ჯამში 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს მოიცავდა თბილისში, ეს კი პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ია. კვლევის მიხედვით, მხოლოდ ამ წლის მაისში თბილისში 3 179 ერთეული უძრავი ქონება გაიყიდა, რაც მცირედით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2024 წლის მე-5 თვეს გაყიდული სახლების რაოდენობა 3 193 იყო. მთლიანად 2025 წლის 5 თვეში თბილისში სულ 15 865 ბინა გაიყიდა, ჯამურმა ღირებულებამ კი 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი შეადგინა.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ წელს 5 თვეში გაყიდული ბინებიდან საქართველოს მოქალაქეებზე 77% მოდის, მაშინ როცა, წინა წელს ადგილობრივების წილი 79% იყო. 11% როგორც უკვე გითხარით გაიყდვებში ისრაელის მოქალაქეებს უჭირავთ და საქართველოს მოქალაქეების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2%-იანი წილი გაიყდვებში რუსეთის მოქალაქეებზე ნაწილდება, დანარჩენი 10% კი სხვა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.