საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დაგანის გადადგომის შემდეგ რა შეიცვლება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში? ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედს კიდევ ერთხელ გამოთქვამს, თუმცა, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიციაში პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ შეერთებული შტატების ბოლო განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობების გადატვირთვა ილუზიას წარმოადგენს. ხელისუფლების ოპონენტები აქვე განმარტავენ, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოს ხელისუფლებისადმი არსებული პოლიტიკური დამოკიდებულება ორპარტიულია და ის არ შეიცვლება იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.