რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა უარყო. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის დაშინების მცდელობით, ოფიციალური კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. პუტინმა განმარტა, რომ უკრაინა ტერორისტულ ორგანიზაციად იქცა, რომელთანაც სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობა უშინაარსოა. საკუთარ გამოსვლაში პუტინს უკრაინის მიერ 1 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცია “ობობის ქსელი” არ უხსენებია, რომლის შედეგადაც, უკრაინული მხარის ცნობით, 41 რუსული სტრატეგიული თვითმფრინავი დაზიანდა ან განადგურდა. პუტინი 31 მაისსა და 1 ივნისს 2 ოლქში სარკინიგზო გზების აფეთქებებზე საუბრობდა, რაშიც ოფიციალური მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.