„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - ამ სახელწოდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ტრადიციად ქცეული კამპანია დაიწყო. გახსნის ღონისძიება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მანდატურებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან. ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე, სკოლის მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსიც გამოცხადდა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში, სამი გამარჯვებული გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდებიან.