რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება - უკრაინული მხარის თანხმობის შემდეგ, კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ აგრესორი ქვეყნის დელეგაცია სტამბოლში გაემგზავრება და ორშაბათს უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად მზად იქნება. კრემლი ვარაუდობს, რომ მომავალი მოლაპარაკებების დროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მემორანდუმების პროექტები განიხილება, თუმცა, პესკოვის თქმით, რუსეთი მემორანდუმს საზოგადოებისთვის არ გაასაჯაროებს. პესკოვმა აღნიშნა, რომ ორივე მხარე პოტენციური დროებითი ზავის პირობებს განიხილავს, ხოლო შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაცია, სავარაუდოდ, ნებისმიერი მომავალი შეთანხმების მთავარი კომპონენტი იქნება. რუსეთის ნაბიჯებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებად აფასებს უკრაინული მხარე და აღნიშნავს, რომ უკრაინა ომში მყოფი ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მიმდინარე ომის დასრულება რეალურად სურს.