რა წერია უკრაინის მიერ მომზადებულ სამშვიდობო დოკუმენტში? - ომში მყოფი ქვეყნის მიერ რუსეთისთვის წარდგენილი მემორანდუმი ხმელეთზე, ზღვასა და ცაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. აუცილებელი პირობა კი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგია. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ მომზადებული დოკუმენტი 22 პირობას მოიცავს. პარალელურად, მზადაა რუსეთის მიერ შემუშავებული სამშვიდობო მემორანდუმიც, რომელიც აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებით, უკრაინას 2 ივნისს წარედგინება. უკრაინული მხარე აღნიშნულ ფაქტს არასერიოზულს უწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პუტინის თითოეული ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარების სურვილის არარსებობაზე მიუთითებს.