გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისი შემოსავალიც 10 ათას ლარს აღწევს. მიმდინარე წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად იღებს ხელფასს, წინა წლის აპრილთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა და 991 677 შეადგინა. კვლევას ამის შესახებ PMCG-ი აქვეყნებს. კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, აპრილში, თვის ჭრილში, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა, წლიურად, ხელფასის მიმღებთა ზრდა შენელებულია 2.6 პროცენტული პუნქტით. ხელფასის მოცულობის მიხედვით, მიმღებთა რაოდენობა ასე გამოიყურება: 0-დან 600 ლარამდე ყოველთვიურ ხელფასს, ხელფასის მიმღებთა 12.9%-ი იღებდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია. 600-დან 1199 ლარარამდე ხელფასს იღებდა 209 ათასი ადამიანი, ხოლო 1200-დან 2399 ლარის ფარგლებში ხელფასი 310 ათას ადამიანს ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2400-ლარზე მეტი თვიური ხელფასი აპრილში 273 ათას ადამიანს ჰქონდა. ამავე კვლევის თანახმად, ხელფასის მიმღებთა 3%-ზე მეტს 9 600 ლარი ან მეტი ყოველთვიური შემოსავალი აქვს და მათი რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით, მცირედით, 0,7%-ით გაზრდილია.