მსოფლიო აღიარების მოპოვებამდე ცნობილი ბრენდების შემქმნელებმა, გერმანელმა ძმებმა - რუდოლფ და ადოლფ დესლერებმა მეტად რთული გზა გაიარეს და ერთხელ დაპირისპირებული, სამუდამოდ გადაემტერნენ ერთმანეთს - Palitra News

მსოფლიო აღიარების მოპოვებამდე ცნობილი ბრენდების შემქმნელებმა, გერმანელმა ძმებმა - რუდოლფ და ადოლფ დესლერებმა მეტად რთული გზა გაიარეს და ერთხელ დაპირისპირებული, სამუდამოდ გადაემტერნენ ერთმანეთს

2025-05-29 11:57:19+04:00

* რუდოლფ და ადოლფ დასლერები -

მართალია, adidas და PUMA დღეს სპორტული სამოსისა და ფეხსაცმლის წამყვან მწარმოებლებად ითვლებიან, რადგან მეტწილად სწორედ ისინი განსაზღვრავენ სპორტული ეკიპირების ბაზარს, მაგრამ მსოფლიო აღიარების მოპოვებამდე ცნობილი ბრენდების შემქმნელებმა, გერმანელმა ძმებმა - რუდოლფ და ადოლფ დესლერებმა მეტად რთული გზა გაიარეს და ერთხელ დაპირისპირებული, სამუდამოდ გადაემტერნენ ერთმანეთს.

* * *

რუდოლფ დასლერი 1898 წლის 26 მარტს, ადოლფი კი, 1900 წლის 3 ნოემბერს დაიბადა ბავარიის ქალაქ ჰერცოგენაურახში, რომელიც ყოველთვის მეწაღეების ქალაქად ითვლებოდა, რადგან პატარა ქალაქის 3500 მოსახლეს 100-ზე მეტი სახელოსნო ემსახურებოდა.

დასლერების ნაკლებად შეძლებული ოჯახი, რომელშიც ოთხი ბავშვი იზრდებოდა, ყოველთვის მოკრძალებით ცხოვრობდა და მუდმივად მატერიალურ პრობლემებს უჩიოდა, რადგან ოჯახის უფროსი ფეხსაცმლის ფაბრიკაში მუშაობდა, მომავალი ბიზნესმენების დედა კი, რიგითი მრეცხავი იყო. მოზარდი ძმები ხშირად ეხმარებოდნენ დედას სუფთა სარეცხის ჩამორიგებაში, მერე კი, მამასთან მიდიოდნენ ფაბრიკაში და საათობით უყურებდნენ როგორ იკერებოდა ფეხსაცმელი.

ქალაქში, სადაც ისედაც ბევრი მეწაღე იყო, მშობლებმა არ მოინდომეს, რომ მათი შვილებიც ამავე პროფესიას გაჰყოლოდნენ, ამიტომ რუდოლფს სამართალდამცავ უწყებაში აიძულეს სპეციალური კურსების გავლა იმედით, რომ პოლიციელი გახდებოდა, ადოლფი კი, მეფუნთუშეს მიაბარეს შეგირდად, რადგან ჩათვალეს, რომ ფუნთუშების ცხობა უფრო შემოსავლიანი იყო, ვიდრე ფეხსაცმლის კერვა.

* * *

სპორტული შეჯიბრებების მოყვარული რუდოლფი მხოლოდ დღის პირველ ნახევარში მუშაობდა, ამიტომ უამრავი დრო რჩებოდა საკუთარი გატაცებისთვის. დასლერი არცერთ სპორტულ ღონისძიებას არ აკლდებოდა, თვითონ იკერავდა ფეხსაცმელს და აქტიურად მონაწილეობდა მარათონში, რომელიც სისტემატურად ეწყობოდა ქალაქში.

თუმცა, ადოლფი არა მხოლოდ მოყვარულ სპორტსმენებს ეჯიბრებოდა, არამედ რუდოლფთანაც მუდმივი კონკურენცია ჰქონდა. ძმები ხან სირბილში, ხან ფეხბურთის თამაშში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ყოველდღე მართავდნენ ინტელექტუალურ პაექრობას, რომელიც ხშირად სერიოზული დაპირისპირებით სრულდებოდა.

* * *

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ რუდოლფი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, ადოლფი კი, რომელიც 2 წლით იყო მასზე უმცროსი, მხოლოდ ომის დასასრულს აღმოჩნდა ფრონტზე. მართალია, ძმებმა მსუბუქი ჭრილობებით დააღწიეს თავი ომის, მაგრამ სერიოზულად იზარალა გერმანიამ, რომელსაც არა მხოლოდ მარცხთან შეგუება, არამედ მძიმე ეკონომიკური კრიზისის, მაღალი ინფლაციისა და უმუშევრობის დაძლევაც მოუწია, მით უფრო, ქალაქები ნაომარი, ხშირად ხეიბარი ჯარისკაცებით გაივსო, რომელთა სამუშაოზე აყვანა არავის უნდოდა.

სხვების მსგავსად გაუჭირდათ დასლერებსაც, რომელთაც მხოლოდ შემთხვევითი შემოსავლით მოუწიათ თავის გატანა, ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახური საბჭო მოიწვიეს, საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფეხსაცმლის კერვას შეუდგნენ.

* * *

თავიდან დასლერები მხოლოდ ე.წ. საშინაო ფლოსტებს კერავდნენ სამხედრო ტანსაცმლისა და ჩაფხუტების, მანქანის საბურავების, უვარგისი პარაშუტებისა და ტომრების გამოყენებით, მოგვიანებით კი, ორთოპედიული ფეხსაცმლის წარმოება დაიწყეს ომში დასახიჩრებული ჯარისკაცებისთვის. წამოწყებამ გაამართლა, რადგან დასლერების ოჯახი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც სპეციფიური ფეხსაცმლის წარმოება გაბედა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ვეტერანებს შორის.

მეტიც, 3 წლის შემდეგ ძმებმა საკუთარი ფაბრიკა Gebrüder Dassler გახსნეს და 12 ადამიანი დაასაქმეს ოჯახის წევრების ჩათვლით, რომლებიც დღეში სულ მცირე 50 წყვილ ფეხსაცმელს კერავდნენ. ძმებმა თავიდანვე გაინაწილეს უფლებამოსილება ქარიზმატულმა და კომუნიკაბელურმა რუდოლფმა, რომელიც ყოველთვის ადვილად პოულობდა ადამიანებთან საერთო ენას, პროდუქციის გაყიდვა ითავა, ადოლფმა კი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიტაცა ფეხსაცმლის კერვამ, ახალი მოდელების შემუშავება და წარმოების ორგანიზება აიღო საკუთარ თავზე.

* * *

ოჯახურმა ტანდემმა გაამართლა. 1924 წლის ივლისში ოფიციალურად დარეგისტრირდა დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა Gebrüder Dassler. წარმოება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ერთი წლის შემდეგ ადოლფმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და ფეხბურთელებისთვის სპორტული ფეხსაცმლის სრულიად ახალი - ე.წ. კოტებიანი მოდელი შექმნა, რომლებიც მეზობელმა მჭედელმა დაუმზადა რკინისგან. ბუცები იმდენად კომფორტული და მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ ადოლფმა სწორედ სპორტული ფეხსაცმლის წარმოება აქცია ფაბრიკის პრიორიტეტად.

მართალია, ბუცების ანალოგი მანამდეც არსებობდა. მეტიც, კოტებიანი ფეხსაცმელი ჯერ კიდევ ბრიტანელი მონარქის ჰენრიხ მერვეს მმართველობის პერიოდში იქნა მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში, მაგრამ თანამედროვე ბუცების წინამორბედი - ტყავის მძიმე ფეხსაცმელი გრძელი თასმებითა და მეტალის კოტებით, 1800-იანი წლების მეორე ნახევარში შეიკერა პირველად, თუმცა 1863 წელს ფეხბურთის მსოფლიო ასოციაციამ აკრძალა ფეხბურთელებისთვის მძიმე ტრავმების მიყენების თავიდან ასაცილებლად, 1891 წელს კი, მხოლოდ იმ პირობით დაუშვა, თუ კოტები ტყავის იქნებოდა.

დასლერმა ბევრად რბილი და მსუბუქი კოტებით აღჭურვა საკუთარი ბუცები, რომლებიც იმდენად შემოსავლიანი აღმოჩნდა, რომ 1927 წელს მოკრძალებული ფაბრიკა ბევრად მასიურ შენობაში გადავიდა, გამდიდრებული დასლერები კი, უზარმაზარ სახლში გადასახლდნენ.

* * *

1928 წელს ძმებმა საკუთარი ბუცები ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებს შესთავაზეს, რადგან მიხვდნენ, რომ სწორედ მათი გამარჯვებები იქნებოდა საუკეთესო რეკლამა დასლერების პროდუქციისთვის. ძმების გონებაგამჭრიახობამ ისევ გაამართლა, რადგან ამსტერდამის ოლიმპიურ ჩემპიონებს შორის, ერთ-ერთი სწორედ Gebrüder Dassler-ის ინოვაციური ბუცებით მოასპარეზე კაროლინა რედკე აღმოჩნდა, რომელმაც არა მხოლოდ გერმანული სპორტის ისტორიაში მოიპოვა პირველმა ოქროს მედალი მძლეოსნობაში, არამედ ყველაზე სწრაფად გაირბინა 800 მეტრი და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ამგვარი წარმატების შემდეგ დასლერების ფაბრიკით ყოფილი მძლეოსანი და გერმანიის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი იოზეფ ვაიტცერი დაინტერესდა, რომელიც საწარმოში ესტუმრა ძმებს, რათა საკუთარი თვალით ენახა მათ მიერ შემუშავებული ყველა ინოვაცია. ადოლფმა და იოზეფმა სწრაფად გამონახეს საერთო ენა და დამეგობრებაც მოახერხეს, რაც განსაკუთრებით მომგებიანი დასლერისთვის აღმოჩნდა, რადგან 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე სწორედ მას დაევალა ეროვნული ნაკრების სრული ეკიპირება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა სპორტზე გაწეული ხარჯი, რადგან ახალი მთავრობა სწორედ ასე ცდილობდა ახალგაზრდობის მიზიდვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. გაორმაგდა დასლერების შემოსავალიც, მით უფრო, რომ მძლეოსანი ჯესი ოუენმა, რომელმაც სიამოვნებით მოირგო GEDA-ს სპორტული ფეხსაცმელი, ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე.

* * *

წარმატებულ ბიზნესს 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მოეღო ბოლო, როცა ძმები ომში გაიწვიეს, ფაბრიკაში კი, სამხედრო აღჭურვილობის წარმოება დაიწყო. მართალია, ადოლფი ერთი წლის შემდეგ ფრონტიდან დააბრუნეს, ფაბრიკის აღდგენა და სამხედრო ჩექმების წარმოება დაავალეს, მაგრამ რუდოლფმა მსგავსი შეღავათი ვერ მიიღო, რაც ჯერ წყენის, მერე ძმასთან დაპირისპირების მიზეზი გახდა. მეტიც, 1945 წელს ომიდან დაბრუნებული რუდოლფი ამერიკელ სამხედროებს ემსხვერპლა, რომელთაც ბავარიის ოკუპაციის შემდეგ უფროსი დასლერი ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო გაამწესეს სამხედრო ტყვეთა ბანაკში. თუმცა, კომპანია Gebrüder Dassler-მა, რომელსაც ადოლფი დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა, მუშაობა გააგრძელა და ახლა უკვე ამერიკელების დაკვეთით შეუდგა სპორტულ ფეხსაცმლის კერვას.

ერთი ვერსიით ძმების დაპირისპირების მიზეზი ადოლფის ღალატი გახდა, რადგან სწორედ მისი დასმენით მოხვდა რუდოლფი სამხედრო ტყვეთა ბანაკში, მეორე ვერსიით კი, ოჯახური კონფლიქტი რუდოლფის რომანმა გამოიწვია ადოლფის მეუღლესთან. მართალია, ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად ძმებმა მაინც შეძლეს რამდენიმე წელი ერთად მუშაობა, მაგრამ 1948 წელს, მორიგი კონფლიქტის შემდეგ, რუდოლფი მდინარე აურახით გაყოფილი ქალაქის მეორე მხარეს გადაბარგდა და საკუთარი საწარმო გახსნა. კომპანია Gebrüder Dassler-მა სამუდამოდ შეწყვიტა ფუნქციონირება, ძმები კი, სიცოცხლის ბოლომდე მტრად ექცნენ ერთმანეთს.

* * *

კომპანიის სახელი ადოლფმა საკუთარი სახელის კნინობითი ფორმისა და გვარის კომბინირებით მოიფიქრა, რაც საბოლოოდ adidas გამოვიდა. იმავე მეთოდს მიმართა რუდოლფმაც, თუმცა სწრაფად მიხვდა, რომ Ruda ნაკლებად გამოხატავდა წარმოების პროფილს, მისი აზრით სპორტული ფეხსაცმლის ბრენდის სახელი - სისწრაფის, სიძლიერის, მოქნილობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, რასაც ყველაზე უკეთ სწორედ პუმა ანუ მთის ლომი განასახიერებდა.

აღსანიშნავია, რომ კონკურენტ კომპანიებში არა მხოლოდ ხელმძღვანელები, არამედ თანამშრომლებიც დაუპირისპირდნენ. adidas-სა და Puma-ს წარმომადგენლები სხვადასხვა მაღაზიაში, საფუნთუშეში, სადალაქოში დადიოდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. ორ ნაწილად გაყოფილი ქალაქის მოსახლეობა იძულებული გახდა აერჩია ვისთან სურდა მეგობრობა და თანამშრომლობა.

ბრენდების კონკურენცია სპორტულ არენაზეც გაგრძელდა. ძმები ერთმანეთის დასწრებას და წამყვან ათლეტებთან კონტრაქტების გაფორმებას ცდილობდნენ, სპორტსმენების გამარჯვებას კი, მთელი ბრენდის წარმატებად მიიჩნევდნენ.

* * *

adidas-ისა და Puma-ს პირველი სერიოზული შეჯახება პროფესიონალურ სპორტში 1954 წელს, შვეიცარიაში მოხდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზეპ ჰერბერგმა რუდოლფს შესთავაზა საკუთარი გუნდი Puma-ს ამბასადორად, სანაცვლოდ კი, სოლიდური ანაზღაურება მოითხოვა, თუმცა რუდოლფისთვის მსგავსი შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა. არ დაიბნა არც ჰერბერგი, რომელმაც უფროსი ძმის უარის შემდეგ უმცროსს მიმართა იმავე წინადადებით.

ადოლფი სიამოვნებით დათანხმდა შეთავაზებას. სწორედ adidas-ის ბუცებით ჩაატარა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა ფინალური მატჩი უნგრეთის ეროვნულ გუნდთან და გამარჯვებაც მოიპოვა. ამასთანავე, ფეხბურთელებს კოკისპირულ წვიმაში, სველ გაზონზე მოუწიათ თამაში და დასლერის ბუცების გამოცდა, რისი წყალობით adidas-მა საუკეთესო სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებლის სტატუსი შეიძინა

* * *

კონკურენცია ბრენდებს შორის გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. adidas-ის ვარსკვლავად გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი იქცა, Puma-მ კი, პელე აქცია საკუთარ სახედ 1970 წელს, როცა ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თავად პელე კი, საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. უკანასკნელად ძმები 1974 წელს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როცა ადოლფმა ეროვნული ნაკრების ეკიპირების პრივილეგია მოიპოვა, წარმატება კი, პირად გამარჯვებად მიიჩნია.

მეგობრები და ნათესავები დიდხანს ცდილობდნენ ძმების შერიგებას, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მეტიც, ადოლფმა მაშინაც უარი თქვა ძმასთან შეხვედრაზე, როცა მედიკოსებმა ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ადოლფი არც ძმის დაკრძალვას დაესწრო, რითაც პირველ რიგში რუდოლფის შვილები გაანაწყენა.

მართალია, კონფლიქტი დასლერის მემკვიდრეებს შორისაც გაგრძელდა, თუმცა ბევრად ცივილური ფორმით. ჰორსტმა და არმინიმ პირობა დადეს, რომ არასდროს შეეცილებოდნენ ერთმანეთს და არ შეეცდებოდნენ ცნობილი სპორტსმენების გადაბირებას საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის. შეთანხმების მიუხედავად, არმინიმ მაინც დაარღვია პირობა, რითაც ჯერ ჰორსტის გაღიზიანება გამოიწვია, მერე მამების დუელი შვილების ომად აქცია, თუმცა, 1989 წელს მაინც მოუწია PUMA-ში საკუთარი წილის გაყიდვა. კუთვნილი აქციები გაყიდეს ჰორსტის დებმაც, რომელთაც adidas ძმისგან მიიღეს მემკვიდრეობით.

დღეს ორივე ბრენდი წარმატებით აგრძელებს განვითარებას, თუმცა აღარაფერი აკავშირებთ დასლერების ოჯახთან.