თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც ქვეყანა რამდენიმე თვის წინ მალულად დატოვა დააკავეს - Palitra News

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც ქვეყანა რამდენიმე თვის წინ მალულად დატოვა დააკავეს

2025-05-27 13:52:05+04:00

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც ქვეყანა რამდენიმე თვის წინ მალულად დატოვა დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით ის ახლა უკვე გლდანის მერვე დაწესებულებში უნდა იყოს გადაყვანილი. ინფორმაცია მისი დაკავების თაობაზე დღეს დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, მათთვის ანონიმური შეტყობინებით გახდა ცნობილი, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი. რა თქმა უნდა, ცოტა არ იყოს წარმოუდგენელია წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ჩამოვიდეს და საქართველოს საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დასეირნობდეს, მაგრამ მივყვეთ ოფიციალურ ვერსიას. სუს-ი ამბობს, რომ გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბაჩიაშვილი დაკავებულ იქნა. ამ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას, ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს. თუმცა მანამდე, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მას უკვე აქვს მისჯილი დაუსწრებლად 11 წელი. ივანიშვილის ყოფილი მარჯვენა ხელი დამნაშავედ ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში. როგორც ჩანს ბაჩიაშვილმა იცოდა, რომ მიმალვაში მყოფს საქართველოს საზღვართან ჩასვლა მოუწევდა, სადაც მას დააკავებდნენ. დაკავებამდე ერთი დღით ადრე გარდიანში მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც თანაინვესტირების ყოფილი შეფი მისი მკვლელობის გეგმაზე საუბრობს, თუმცა არ სჯერა რომ მისი მოკვლის ბრძანება ივანიშვილმა გასცა.