გასულ წელთან შედარებით, თბილისში პარკირების ჯარიმები განახევრდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, ამ წლის იანვარ-აპრილში, არასწორი პარკირებისთვის 2 მილიონ 658 ათას 920 ლარის ჯარიმა დაიწერა, წინა წლის იგივე პერიოდში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 6 მილიონ ლარს აღწევდა. მხოლოდ აპრილის მონაცემებს თუ ვნახავთ, მხოლოდ ერთ თვეში „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლებმა 726 854 ლარის ჯარიმა გამოწერეს. სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 54 339 998 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 73 431 433 ლარი. ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.