* ოსკარ პიტერსონი -
ცნობილი კანადელი ჯაზ-პიანისტი ოსკარ პიტერსონი, რომელიც ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც ლუი არმსტრონგი, ქაუნთ ბეისი და ბილი ჰოლიდეი იყო, მისმა დისკოგრაფიამ კი, 200-მდე ალბომს მოუყარა თავი, იმ იშვიათ მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთნება, ვინც სიცოცხლეშივე მოიპოვა ლეგენდის სტატუსი.
* * *
ოსკარ სემიუელ პიტერსონი 1925 წლის 15 აგვისტოს დაიბადა მონრეალში. მუსიკის პირველი გაკვეთილები მცირეწლოვანმა ოსკარმა, რომელსაც ადრეულ ასაკში აღმოაჩნდა მუსიკალური ნიჭი, ჯერ დისგან, მერე მამისგან მიიღო. მართალია, მამას არც საშუალო, არც მუსიკალური განათლება ჰქონდა და მხოლოდ ვაგზლის მტვირთავად მუშაობდა, მაგრამ ძალიან უყვარდა მუსიკა.
6 წლის პიტერსონი ერთნაირად კარგად უკრავდა როგორც ტრომბონზე, ისე ფორტეპიანოზე, თუმცა, ტუბერკულოზის გადატანის შემდეგ ექიმების რჩევით ჩასაბერ ინსტრუმენტზე უარის თქმა მოუწია. 14 წლის ასაკში ოსკარმა პირველად გაბედა საკუთარი შესაძლებლობების პუბლიკისთვის წარდგენა, ადგილობრივი რადიოს მიერ მოწყობილ ახალგაზრდა ტალანტების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და არც შეცდა, რადგან არა მხოლოდ კონკურსში გაიმარჯვა, არამედ რადიოგადაცემებში რეგულარულად მონაწილეობის უფლებაც მიიღო.
* * *
მართალია, ჯონი ჰოლმსის კანადურ ჯაზ-ორკესტრში წარმატებული დებიუტის შემდეგ, 1944 წელს პიტერსონმა პირველი ჩანაწერები გააკეთა, მაგრამ ტექნიკური სრულყოფილების მიუხედავად მელომანებმა მის მუზიცირება ნაკლებად მოიწონეს. მარცხით გულდაწყვეტილი ოსკარი საერთოდ უარის თქმას აპირებდა მუსიკოსობაზე, თუმცა სწორედ მაშინ გამოჩნდა ახალგაზრდა იმპრესარიო ნორმან გრანცი, რომელმაც გამოცდილი ჯაზმენების ბენდი შეკრიბა, პიტერსონი კი, ერთგვარ სათადარიგო პიანისტად მიიწვია.
* * *
გამოცდილების შეძენისა და საკუთარი სტილის დახვეწის შემდეგ, პირველი მასშტაბური ტურნე მუსიკოსმა ამერიკაში მოაწყო 1949 წელს, რასაც მალე საკუთარი ტრიოს შექმნა და დიდი ხნით ევროპაში გამგზავრება მოჰყვა. მართალია, ტრიომ, რომელშიც პიტერსონთან ერთად კონტრაბანდისტი რეი ბრაუნი და გიტარისტი ირვინგ აშბი გაერთიანდნენ, მხოლოდ ხუთი წელი იარსება, მაგრამ მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა კოლეგების პატივისცემის მოსაპოვებლად. მეტიც, როგორც ამბობენ, 1955 წელს ელა ფიცჯერალდი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა გასტროლებს ინგლისსა და შოტლანდიაში, თუ აკომპანიმენტს სწორედ პიტერსონის ტრიო გაუწევდა.
* * *
განსაკუთრებით ნაყოფიერი პიტერსონისთვის 1959 წელი აღმოჩნდა, როცა ჯერ ფრანგულ ფილმში "თაღლითებში" (Les Tricheurs) შეასრულა ეპიზოდური როლი, მერე ტორონტოში მოწყობილ პირველ კანადურ ჯაზ-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, ამერიკაში გადაბარგებისა და ჩიკაგოში გამოსვლის შემდეგ კი, ნიუ-იორკის ჯაზ-სკოლიდან მიიღო შეთავაზება და რამდენიმე წელი იმუშავა პედაგოგად.
აღსანიშნავია, რომ სწორედ 50-იანი წლების ბოლოს განსაზღვრა პიტერსონმა საბოლოოდ საკუთარი მუსიკალური სტილი, რომელმაც სვინგის და ბიბპოპის ელემენტები გააერთიანა, რეპერტუარში კი, მეტწილად ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორების - გერშვინის, პორტერის, არლენის, უორენის და სხვათა პოპულარულ ნაწარმოებებს მოუყარა თავი.
* * *
1960-იანი წლების დასაწყისში პიტერსონმა ჯერ კანადაში გახსნა თანამედროვე ჯაზ-სკოლა, მერე თავისი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია Canadian Suite ჩაწერა, რომელიც მოგვიანებით მის სავიზიტო ბართად იქცა. ნაყოფიერი აღმოჩნდა 60-იანი წლები საზღვარგარეთული ტურნეების თვალსაზრისითაც, რადგან მუსიკოსი თითქმის ყოველ წელს მოგზაურობდა ამერიკასა და ევროპაში, მით უფრო, რომ პირველი წარმატებული გამოსვლის შემდეგ ელა ფიცჯერალდი მხოლოდ მასთან ერთად თანხმდებოდა ტურნეებში მონაწილეობას.
* * *
ცნობილ მუსიკოსებთან - დეივ ბრუბეკთან, დიზი გილესპისა და ბენ უებსტერთან თანამშრომლობის შემდეგ, 1969 წელს პიტერსონმა სტუდიური ალბომი Motions and emotions გამოუშვა, რომელიც ერთგვარ ინოვაციად იქცა, რადგან ერთი მხრივ, ისეთი პოპულარული ავტორების კომპოზიციები გაჟღერდა, როგორიც ანტონიო კარლოს ჟობიმი, ჰენრი მანჩინი და ჯონ ლენონია, მეორე მხრივ, აკომპანიმენტი მის ბენდს სიმფონიურმა ორკესტრმა გაუწია.
* * *
თითქმის 40-წლიანი კარიერის მანძილზე პიტერსონმა თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა და ერთ-ერთი ყველაზე "მოგზაური" მუსიკოსი სახელი შეიძინა, რომელიც ჰონორარის მიუხედავად ნებისმიერი ქვეყნის სტუმრობას თანხმდებოდა აფრიკის კონტინენტით დაწყებული, საბჭოთა კავშირით დასრულებული.
სამწუხაროდ, 1993 წელს მუსიკოსმა ინსულტი გადაიტანა, რამაც სერიოზულად აზარალა მისი კარიერა, რადგან მხოლოდ ერთი ხელით დაკვრა და გამოსვლების მაქსიმალურად შემცირება მოუწია.
მართალია, 2007 წლის დეკემბრის თვეში პიტერსონის პატივსაცემად გრანდიოზული კონცერტის მოწყობა იგეგმებოდა ნიუ-იორკის კარნეგი- ჰოლში, რომელშიც თავად მუსიკოსსაც უნდა მოეღო მონაწილეობა, მაგრამ დამძიმებული ჯანმრთელობის გამო პიტერსონს კონცერტის გადადება მოუწია. მუსიკოსმა პუბლიკა დააიმედა, რომ აუცილებლად გამართავდა კონცერტს, თუმცა 23 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თირკმლის უკმარისობით.