ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, სამხრეთ ღაზას რაიონებში, ხან იუნისში, ბანი სუჰეილასა და აბასანში მცხოვრებ მოსახლეობას, უპრეცედენტო თავდასხმის წინ, რომლის სამიზნეც, მისი თქმით, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაა, დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა. ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას მიმდინარე დღეს, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა. არაბული მედიის თანახმად, ღაზის რეგიონის ჯანდაცვის სამსახურის გენერალური დირექტორის, მუნირ ალ-ბურშის განცხადებით, ისრაელის თვითმფრინავმა „წინასწარი გაფრთხილების გარეშე“ ჩრდილოეთ ღაზაში ინდონეზიის საავადმყოფო დაბომბა. დაიბომბა ნასერის საავადმყოფო, შედეგად განადგურდა საწყობი, სადაც სამედიცინო მარაგი ინახებოდა. ამასთან, ხან იუნისის დაბომბვას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, რომ 18 მაისს, ისრაელის მიერ ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში სახმელეთო შეტევის გაფართოების შედეგად, სულ მცირე, 151 პალესტინელი დაიღუპა.