მზია ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ. იურისტების ინფორმაციით, პოლიციამ ამ საქმეზე მტკიცებულებები გააყალბა. როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, ვიდეო მტიცებულებების გაყალბებისა და მოწმის ცრუ ჩვენების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დამატებით წარუდგენენ. ადვოკატები ასევე, გენერალურ პროკურორსაც მიმართავენ და მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილისა და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციის და ასევე სამინისტროს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ.