საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა უკვე 2 მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა - Palitra News

საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა უკვე 2 მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა

2025-05-15 14:10:37+04:00

საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა უკვე 2 მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა.მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 1 912 866 ავტომობილია გაფორმებული. მოსახლეობისა და ავტომობილების რაოდენობას შეფარდებთ, გამოდის, რომ ახლა უკვე 1.9 კაცზე 1 მანქანა მოდის. 2024 წელს 2 კაცზე 1 მანქანა მოდიოდა, ხოლო, 10 წლის წინ, 3 კაცზე 1 ავტომობილი. აი ასეა, საქართველოს მოსახლეობა მცირდება, ავტომობილების რაოდენობა კი ზირდება. ამასთან, მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემით, ქვეყანაში 1 666 841 მართვის მოწმობაა გაცემული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია, შემდეგ პოზიციებზეა TOYOTA, FORD-ი და VAZ-ის მარკის ავტომობილები. სხვათა შორის სპეციალისტები მუდმივად აღნიშნავენ, რომ რეგისტრირებული ავტომობილებიდან შესაძლოა ნაწილი ექსპლუატაციიდან ამოღებულია და გზებზე ფიზიკურად არ გადაადგილდება, თუმცა რეგისტრაციიდან არ მოხსნილა. ამიტომაც საჭიროა არსებობდეს ავტომობილების აღრიცხვის უფრო ზუსტი მონაცემები, რათა ვიცოდეთ რამდენი ავტომობილი გადაადგილდება საქართველოს საავტომობილო გზებზე, რამდენი კი უკვე დიდი ხანია ჯართად არის ქცეული, მაგრამ ოფიციალურ მონაცემებში ისევ ირიცხება.