მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა სიცოცხლე სტატისტიკის ციფრებამდე გაუფასურდა, ადამიანებმა კი, გადარჩენის იმედი დაკარგეს, სწორედ მაშინ გამოჩნდა ოსკარ შინდლერი, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობა გასწირა სხვების სიცოცხლისთვის - Palitra News

მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა სიცოცხლე სტატისტიკის ციფრებამდე გაუფასურდა, ადამიანებმა კი, გადარჩენის იმედი დაკარგეს, სწორედ მაშინ გამოჩნდა ოსკარ შინდლერი, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობა გასწირა სხვების სიცოცხლისთვის

2025-05-15 12:23:04+04:00

* ოსკარ შინდლერი –

მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა სიცოცხლე სტატისტიკის ციფრებამდე გაუფასურდა, ადამიანებმა კი, გადარჩენის იმედი დაკარგეს, სწორედ მაშინ გამოჩნდა ოსკარ შინდლერი, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობა გასწირა სხვების სიცოცხლისთვის. შინდლერი არც მსხვილი ჩინოვნიკი იყო, არც პოლიტიკოსი, ის მხოლოდ ბიზნესმენი იყო და მოხერხებული მოთამაშე, რომელიც საკუთარ სარგებელს ხედავდა ომში, თუმცა არჩევანის წინაშე დამდგარი – დაეხუჭა თვალი თუ ებრძოლა ნაცისტური რეჟიმის სისასტიკის წინააღმდეგ, მან ბრძოლა გადაწყვიტა და საკუთარი ცხოვრების აზრად აქცია სხვების გადარჩენა.

* * *

ოსკარ შინდლერი 1908 წლის 28 აპრილს დაიბადა ავსტრო–უნგრეთის ქალაქ ცვიტაუში (დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორიაზე), შეძლებული სუდეტელი გერმანელების ოჯახში. მისი მამა სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიას ფლობდა, დედა კი დიასახლისი იყო და მოუსვენარ ოსკართან ერთად მისი უფროსი დის აღზრდაზეც ზრუნავდა. მართალია, მამას იმედი ჰქონდა, რომ შვილი მის ბიზნესს გააგრძელებდა, მაგრამ ტექნიკური განათლების მიღების შემდეგ ოსკარმა მხოლოდ 3 წელი იმუშავა მის კომპანიაში, საიდანაც ჯერ ელექტროკომპანია MEAS–ში, მერე ავტოსკოლაში გადაინაცვლა, თუმცა ჯარში გაწვეულს 18 თვე მოუწია ჩეხოსლოვაკიის არმიის მსროლელთა პოლკში სამხედრო სამსახურის გავლა.

1930–იან წლების დასაწყისში, ნაცისტური იდეოლოგიის გავლენის გაფართოების ფონზე სხვების მსგავსად შინდლერიც სუდეტის გერმანულ პარტიას შეუერთდა ნაცისტი კონრად გენლაინის ხელმძღვანელობით, რომელიც სუდეტის ოლქის გერმანიის შემადგენლობაში შესვლას უწევდა პროპაგანდას.

1938 წელს, სუდეტის ოლქის ანექსიის შემდეგ შინდლერი, რომელიც ნაცისტების მიმართ ლოიალურად განწყობილი წვრილი საქმოსანი იყო და მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიღებას ცდილობდა ახალი პოლიტიკური რეალობისგან, ოფიციალურად გახდა ნაციონალ–სოციალისტური პარტიის წევრი, მით უფრო, რომ 1936 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა გერმანიის სამხედრო დაზვერვასთან, რომლისთვისაც ინფორმაციას აგროვებდა ჩეხოსლოვაკიასა და პოლონეთში, 1939 წელს კი, ვერმახტის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის – აბვერის რიგებს შეუერთდა და კრაკოვში – ოკუპირებული ტერიტორიების უმსხვილეს ადმინისტრაციულ ცენტრში გააგრძელა საქმიანობა, რომლის მოსახლეობა თითქმის 260 ათას ადამიანს შეადგენდა, 60 ათასი ეთნიკური ებრაელის ჩათვლით.

რასისტული პოლიტიკის წყალობით, რომელიც ებრაელთა ქონების კონფისკაციას ითვალისწინებდა, 1939 წლის ოქტომბერში შინდლერმა ებრაელების კუთვნილი, თუმცა გაკოტრებული ემალირებული ჭურჭლის მწარმოებელი კომპანია შეიძინა კრაკოვის გარეუბანში – ზაბლოჩეში. ოსკარმა სწრაფად აამუშავა საწარმო, რომლის 250 თანამშრომელი, მათ შორის 7 ეთნიკური ებრაელი მეტწილად ვერმახტის დაკვეთებს ასრულებდა. 1940 წელს შინდლერმა წარმოება გააფართოვა და პროდუქციის დივერსიფიკაციით სამხედრო დაკვეთების, მათ შორის ვაზნებისა და ჭურვების წარმოებას შეუდგა, რისი წყალობით მისმა საწარმომ გერმანიის სამხედრო მრეწველობის ერთ–ერთ მნიშვნელოვანი ობიექტის სტატუსი შეიძინა 1942 წელს კი, მცირე ფაბრიკა უზარმაზარ ქარხნად გადაიქცა, სადაც 800 ადამიანი დასაქმდა კრაკოვის გეტოში იძულებით გადასახლებული 370 ებრაელის ჩათვლით.

* * *

მართალია, თავიდან შინდლერი მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობდა, რადგან სხვა ბიზნესმენების მსგავსად, ისიც უდარდელი ცხოვრების წესს მისდევდა, SS-ის (მესამე რაიხის პარამილიტარიზებული დამოუკიდებელი ორგანიზაციის) მაღალჩინოსნებთან მეგობრობდა, უაზროდ ფლანგავდა ფულს და აწყობდა ხმაურიან წვეულებებს, მაგრამ მაშინაც კი, თავისი ჰუმანურობითა და ქარხნების მუშების, განსაკუთრებით ებრაელების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. თუმცა, როცა თავად გახდა ნაცისტების სისასტიკის და პოლონელი ებრაელების მიმართ საზარელი ძალადობის მოწმე, ერთგვარი გარდატეხა მოხდა მის ცნობიერებაში და ერთ დროს უპრინციპო ავანტიურისტმა არა უბრალოდ ნაცისტური ტერორის წინააღმდეგ გალაშქრება, არამედ განწირული ადამიანების გადარჩენა გადაწყვიტა.

საკუთარი წარმოებაში დასაქმებული ებრაელი მუშების დასაცავად, შინდლერმა ფრონტისთვის სტრატეგიული დანიშნულების სტატუსი მოიპოვა ქარხნისთვის, რამაც SS-ის ჩარევის გარეშე ებრაელების დაქირავების და ნებისმიერი თანამშრომლის შენარჩუნების საშუალება მისცა. მეტიც, შინდლერმა ჯერ ებრაელების დეპორტაცია გააუქმა, მერე სიები გააყალბა ბავშვების, ქალების და მოხუცების, სხვა "ნაკლებად პროდუქტიული პროფესიებისა" და იმ არაშრომისუნარიანი ადამიანების სახელები შეტანით, რომლებიც ე.წ. "სალიკვიდაციო ჯგუფში" მოხვდნენ.

* * *

შინდლერს სისტემატურად უწევდა მესამე რაიხის ჩინოვნიკების მოსყიდვა და შავი ბაზრიდან SS-ის ოფიცრების დეფიციტური საქონლით მომარაგება. მართალია, ხარჯი სულ უფრო იზრდებოდა, მაგრამ ოსკარი საკუთარი ზარალის მიუხედავად აგრძელებდა სხვათა სიცოცხლის გამოსყიდვას, 1943 წლის მარტში, კრაკოვის გეტოს ლიკვიდაციის შემდეგ კი, პლაშევის ახალი ბანაკის კომენდანტი, ძველი ნაცნობი ამონ გეთი დაითანხმა და საკუთარი ბანაკი მოაწყო ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც 300-მდე ებრაელი დააბინავა, SS-ის წარმომადგენლებს კი, ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ე.წ. შინდლერის მუშათა ბანაკში ბევრად ლოიალური წესები მოქმედებდა, თუმცა მეწარმეს მაინც უწევდა საკუთარი ფინანსებით დამატებითი პროდუქტის შეძენა ქარხნის მუშების მწირი რაციონის შესავსებად.

რა თქმა უნდა, შინდლერის ამგვარმა საქმიანობამ გესტაპოს (საიდუმლო სახელმწიფო პოლიციის) ეჭვი გამოიწვია. ოსკარი რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც, თუმცა შავ ბაზარზე მაქინაციების, ქრთამისა და გავლენიანი მეგობრების მფარველობის წყალობით მაინც შეძლო პატიმრობიდან თავის დაღწევა. პირადი უსიამოვნებების მიუხედავად შინდლერმა მაინც არ თქვა უარი საკუთარ მისიაზე. მეტიც, 1943 წელს ფარულად გაემგზავრა ბუდაპეშტში უნგრელ ებრაელებთან შესახვედრად, რომელთაც დეტალურად მოუთხრო პოლონეთში ნაცისტების სისასტიკესა და საკუთარი მუშებისთვის სცადა მხარდაჭერის მოპოვება.

* * *

1944 წლის ზაფხულში, როცა მოკავშირეთა არმია პოლონეთს მიუახლოვდა, ნაცისტები აქტიურად შეუდგნენ საკუთარი სისასტიკის სამხილების განადგურებას. SS-ის ბრძანებით პლაშოვის ბანაკის განადგურება და ათასობით პატიმრის ლიკვიდაცია გადაწყდა, რამაც შინდლერს საკუთარი ქარხნის ჩეხეთში ევაკუირება და სამეხდრო პროდუქციის წარმოება ფრონტიდან მოშორებით აიძულა.

სწორედ მაშინ შეიქმნა შინდლერის ცნობილი სია, რომელმაც ბანაკის ათასზე მეტი ტუსაღი გააერთიანა. ნუსხის შედგენა ოსკარმა საკუთარ ბუჰხალტერს იჩხაკ შტერნს და მდივანს მეჩისლავ პემპერს მიაბარა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანის შესაგროვებლად კი, საკუთარი კავშირები გამოიყენა და არც ჩინოვნიკების მოსყიდვას მოერიდა.

* * *

1944 წლის ოქტომბრის თვეში ეშელონები შინდლერის მუშებით დასავლეთისკენ დაიძრნენ, თუმცა რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომელთა დაუდევრობის გამო მატარებელი, რომელშიც მამაკაცი ტყვეები იყვნენ, ბრიუნლიცის ნაცვლად გროს-როზენის საკონცენტრაციო ბანაკში გაამგზავრეს, 300 ქალი კი, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა. მართალია, ოსკარმა სწრაფად შეძლო მამაკაცი ტყვეების დაბრუნება, მაგრამ ბევრად რთული აღმოჩნდა ქალების დახსნა ე.წ. "სიკვდილის ფაბრიკიდან", სადაც საკუთარი მდივნის გაგზავნა და პატიმრების ნებისმიერ ფასად გათავისუფლება მოუწია. მოლაპარაკება რამდენიმე კვირა გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ ბანაკის ადმინისტრაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 300 ტუსაღი მხოლოდ იმ პირობით გაათავისუფლა თუ შინდლერი ყოველდღიურად 7 რაიხსმარკას გადაიხდიდა კომპენსაციის სახით დაკარგული მუშახელის ასანაზღაურებლად.

* * *

ბრიუნლიცის ბანაკში ოსკარი ომის დასრულებამდე იცავდა ებრაელ ტყვეებს მეუღლესთან ერთად. შინდლერები მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის პირობების გაუმჯობესებას, ემილია კი, თავად ზრუნავდა სნეულებზე, უზრუნველყოფდა მედიკამენტებითა და საკვების დამატებითი ულუფით.

1945 წლის დასაწყისში შინდლერებმა კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინეს, როცა აუშვიცის ფილიალად ქცეული გოლეშოვის ბანაკიდან იხსნეს ტყვეები, რომლებიც მოკავშირეთა ჯარების მოახლოებასთან ერთად სასწრაფოდ იქნენ ევაკუირებული. მართალია, SS-ის სამხედროებს მათი ლიკვიდაცია სურდათ, მაგრამ შინდლერმა დაარწმუნა, რომ ფაბრიკაში სჭირდებოდა დამატებითი მუშახელი, თუმცა 120 ტუსაღიდან 13 გზაში დაიღუპა, რომლებიც შინდლერმა ებრაული წესით დაკრძალა მის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ადგილობრივ სასაფლაოსთან ახლოს და არ მისცა ბანაკის კომენდანტს მათი კრემაციის უფლება.

* * *

მართალია, საერთო ჯამში ოსკარ შინდლერმა თითქმის 1200 ებრაელი გადაარჩინა და სრულად დახარჯა საკუთარი ქონება, ომის დროს ნაშოვნი ფული და პირადი დანაზოგი, რომელიც ტყვეთა გამოსყიდვასა და მათთვის დამატებითი საკვები პროდუქტის შეძენაში დაიხარჯა, მაგრამ 1945 წლის მაისში, გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ თავად დაემუქრა გასამართლების საფრთხე, როგორც ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრს, რომელიც ტყვეების იძულებითი შრომით სარგებლობდა.

1945 წელს შინდლერს მეუღლესთან ერთად მოუწია ჩეხოსლოვაკიიდან გერმანიაში, ამერიკული ოკუპაციის ზონაში გაქცევა, გამგზავრების წინ კი, უძვირფასესი საჩუქარი - ბეჭედი მიიღო გრავირებით "ვინც ერთ ებრაელს გადაარჩენს, ის მთელ სამყაროს გადაარჩენს". სწორედ ციტატით თალმუდიდან გამოხატეს გადარჩენილმა ტყვეებმა მადლიერება იმ ადამიანის მიმართ, ვინც გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. გარდა ამისა, "შინდლერის ებრაელებმა" წერილი მოამზადეს, რომელშიც მისი ყველა კეთილი საქმე აღწერეს და თავად მოაწერეს ხელი.

* * *

ომის შემდეგ შინდლერი მეტად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ვერც ფული შეინარჩუნა, ვერც რეპუტაცია, ის მხოლოდ ყოფილი ნაცისტად იყო, რომლის გმირობისა და კეთილი საქმეების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ბავარიაში შინდლერს ყველა ბიზნეს-პროექტი ჩაუვარდა, რამაც ჯერ ებრაული საქველმოქმედო ფონდების დახმარების ხარჯზე ცხოვრება, მერე მათივე გამოყოფილი დაფინანსებით - 15 ათასი დოლარით, რომელიც ერთგვარ კომპენსაციად იქცა ადამიანების გადარჩენაში დახარჯული თანხის სანაცვლოდ, მეუღლესთან ერთად არგენტინაში გამგზავრება და ახალი ცხოვრების დაწყება აიძულა, თუმცა ვერც ლათინურ ამერიკაში შეძლო საკუთარი ბიზნესის გამართვა.

1950 წელს შინდლერი მეუღლის გარეშე დაბრუნდა გერმანიაში და ისევ მარცხი განიცადა, როცა ვერ შეძლო ცემენტის ქარხნის ამუშავება. მართალია, 1960-იანი წლების დასაწყისში ერთ დროს შეძლებული მეწარმე სრულ სიღატაკეში აღმოჩნდა, მაგრამ ებრაელებმა არც ამ შემთხვევაში მიატოვეს საკუთარი მხსნელი. მეტიც, რეგულარულად შეუდგნენ თანხის შეგროვებას, რამაც შინდლერს მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნის საშუალება მისცა.

1961 წელს შინდლერი პირველად ეწვია ისრაელს, სადაც არა მხოლოდ მის მიერ გადარჩენილმა ებრაელებმა, არამედ მათმა შვილებმაც - ახალმა თაობამაც უმასპინძლა, რომელიც სწორედ მისი წყალობით მოევლინნენ ქვეყანას. თავად შინდლერის განცხადებით, ისრაელში ვიზიტმა და ამგვარმა დახვედრამ უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. საერთო ჯამში შინდლერი 17-ჯერ ეწვია ისრაელს, ნაწილობრივ გადასახლდა კიდეც მეორე სამშობლოდ ქცეულ ქვეყანაში, სადაც ყოველთვის ერთგული, მადლიერებით სავსე ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობდა.

* * *

ებრაულმა დიასპორამ შინდლერის ისტორია 1960-იანი წლების დასაწყისში შეიტყო, როცა მისი ისტორია პრესაში გამოქვეყნდა, 1962 წელს იად ვაშემის მემორიალურმა ცენტრმა კი, ხე დარგო იერუსალიმში მის სახელზე. ოსკარის დამსახურება სამშობლოშიც აღინიშნა, როცა ორდენით დაჯილდოვდა დამსახურებისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე, თუმცა მსოფლიო აღიარება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა, როცა ჯერ წიგნი "შინდლერის კიდობანი", მერე ფილმი "შინდლერის სია" გამოვიდა.

ოსკარ შინდლერმა, რომელიც 1974 წელს 9 ოქტომბერს გარდაიცვალა 66 წლის ასაკში, სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა მოკრძალება, არასდროს თვლიდა საკუთარ თავს გმირად, საკუთარ საქციელს კი, მარტივად ხსნიდა, "ვხედავდი, რომ უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ, მე კი, შემეძლო მათი დახმარება. მე არჩევანი არ მქონდა, მე უბრალოდ ვალდებული ვიყავი მათ დავხმარებოდი". აღსანიშნავია, რომ შინდლერის ბოლო სურვილი ისრაელში დაკრძალვა იყო იმ ადამიანების გვერდით, ვინც თვითონ გადაარჩინა. ებრაელებმა მართლაც აუსრულეს სურვილი საკუთარ მხსნელს, გერმანიაში გარდაცვლილი შინდლერი იერუსალიმში გადაასვენეს და სიონის მთაზე კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს, საფლავის ქვაზე კი, მადლიერების ნიშნად სიტყვები "1200 დევნილი ებრაელის მხსნელს" ამოტვიფრეს.