ამერიკული ჯგუფი Red Hot Chili Peppers, რომლის შემოქმედება მეტწილად ალტერნატიულ როკს მიეკუთვნება, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კოლექტივია, რადგან გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნილი, დღესაც წარმატებით აგრძელებს მუზიცირებას - Palitra News

ამერიკული ჯგუფი Red Hot Chili Peppers, რომლის შემოქმედება მეტწილად ალტერნატიულ როკს მიეკუთვნება, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კოლექტივია, რადგან გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნილი, დღესაც წარმატებით აგრძელებს მუზიცირებას

2025-05-15 11:49:54+04:00

* Red Hot Chili Peppers -

ამერიკული ჯგუფი Red Hot Chili Peppers, რომლის შემოქმედება მეტწილად ალტერნატიულ როკს მიეკუთვნება, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კოლექტივია, რადგან გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნილი, დღესაც წარმატებით აგრძელებს მუზიცირებას. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჯგუფმა 13 სტუდიური ალბომი ჩაწერა და "გრემის" შვიდი პრემია დაიმსახურა.

* * *

ჯგუფი, რომელმაც ენტონი კიდისი (ვოკალი), ფლი ანუ მაიკლ პიტერ ბალზარი (ბას გიტარა), ჩედ სმითი (დრამი) და ჯონ ფრუშანტე (გიტარა) გააერთიანა, 1983 წელს შეიქმნა ლოს-ანჯელესში და Tony Flow and the Majestic Masters of Mayhem-ს სახელი შეიძინა. ყველასთვის ცნობილ Red Hot Chili Peppers-ად კოლექტივი მოგვიანებით იქცა, როცა მუსიკოსები მიხვდნენ, რომ ზედმეტად გრძელ სახელი არც პროდიუსერებს მოსწონდათ, არც კომერციულად იყო მომგებიანი.

ახალბედა მუსიკოსები, რომელთა შემოქმედებაზე აშკარად იგრძნობოდა სხვადასხვა როკ, ფანკ და ჯაზ-მუსიკოსების, მათ შორის Black Sabbath-ისა და მაილს დევისის გავლენა, თავიდან მხოლოდ ცნობილი კოლეგების კონცერტებზე გამოდიოდნენ პუბლიკის "გასახურებლად".

მართალია, ჯგუფმა სოლო კონცერტის მოწყობაც სცადა, მაგრამ დებიუტმა არ გაამართლა, რადგან პირველ გამოსვლას მხოლოდ 30 მსმენელი დაესწრო, რომელთა უმეტესობა თავად მუსიკოსების მეგობრები და ნათესავები იყვნენ. თვითმხილველთა განცხადებით, პერფორმანსმა, რომელზეც კიდისი ლექსებს კითხულობდა, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი, მის ლირიკაზე ცდილობდნენ იმპროვიზირებას, უღიმღამოდ ჩაიარა და ნაკლებად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

პოპულარობა Red Hot Chili Peppers-მა შექმნიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, 1991 წელს მოიპოვა, როცა ცნობილ პროდიუსერთან რიკ რუბინთან თანამშრომლობით ჩაწერა მესამე სტუდიური ალბომი Blood Sugar Sex Magik. ნაკრები არა მხოლოდ Billboard-ის ჩარტის მეორე პოზიციამდე დაწინაურდა, არამედ "გრემის" პრემიაც დაიმსახურა, მუსიკოსები კი, პირველად გაემგზავრნენ ცნობილ ჯგუფებთან Nirvana-სთან, Pearl Jam-სა და Smashing Pumpkins-თან ერთობლივ ტურნეში.

სხვათა შორის, პროდიუსერი და არანჟირების ოსტატი რიკ რუბინი, რომელიც ისეთ ცნობილ ჯგუფებთან და შემსრულებლებთან მუშაობდა, როგორიც AC/DC, Aerosmith, ჯონი კეში, შაკირა და ემინემია, MTV-მ "მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პროდიუსერად" დაასახელა, ჟურნალმა Time-მა კი, "100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ნუსხაში" შეიყვანა.

* * *

უიღბლობა და ხანგრძლივი წარუმატებლობა ჯგუფის წევრებმა არასახარბიელო რეპუტაციას მიაწერეს, რის გამო ძალიან გაუჭირდათ პროდიუსერებთან საერთო ენის გამონახვა. ამგვარი ვარაუდი ნაწილობრივ გამართლებულია, რადგან მუსიკოსებმა, რომელთაც ბავშვობაში, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გაიცნეს ერთმანეთი, ადრეული ასაკიდანვე გაიფუჭეს სახელი. ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გაბრუებულები მოზარდები ყოველთვის გამომწვევად, გამაღიზიანებლად იქცეოდნენ და მუდმივად თანატოლების პროვოცირებას, ჩხუბში ჩაბმას ცდილობდნენ.

ავტობიოგრაფიულ წიგნში "იარების ხაზები" (Scar Tissue) ენტონი კიდისმა წყენით გაიხსენა, რომ კარიერის დასაწყისში არა მხოლოდ პროდიუსერები ერიდებოდნენ, რომლებიც "უარს ამბობდნენ ხელის ჩამორთმევაზე და უკრძალავდნენ საკუთარ მდიდრულ კაბინეტებში დივანზე დაჯდომას", არამედ ნაცნობებიც გაურბოდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ მუსიკოსებთან ურთიერთობით აუცილებლად ხიფათს გადაეყრებოდნენ.

* * *

ჯგუფის ვოკალისტს ენოტონი კიდისს მართლაც ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რადგან 11 წლისამ მამის წყალობით ნარკოტიკებს გაუსინჯა გემო, 12 წლისაზე კი, ისევ მამის მეგობარმა, 18 წლის გოგონამ იძალადა სექსუალურად, უკვე სრულწლოვანს ნარკოდილერი დაემუქრა მოკვლით, რომელმაც პრაქტიკულად განახორციელა ჩანაფიქრი, რადგან მძიმედ დაჭრილი მხოლოდ საოცრებით გადაურჩა სიკვდილს, მოგვიანებით კი, ნარკოტიკების ჭარბი დოზით კლინიკაში აღმოჩენილი მედიკოსებმა იხსნეს სიკვდილისგან.

მართალია, 2000-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსმა კომპანია HBO-ს პროდიუსერებისგან მიიღო ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის გადაღების შეთავაზება, მაგრამ რამდენჯერმე გადადებული პროექტი საბოლოოდ საერთოდ გაუქმდა, რამაც კიდესს ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა აიძულა.

* * *

უცნაურია, მაგრამ Red Hot Chili Peppers-ის კომპოზიციების დიდი ნაწილი გარდაცვლილ მეგობრებსა და ნაცნობებს ეძღვნებათ. მაგალითად სიმღერები My Lonely Man, Knock Me Down და Right on Time ჯგუფის გიტარისტს ჰილელ სლოვაკს მიეძღვნა რომელიც ჰეროინის ჭარბი დოზით გარდაიცვალა, 1994 წელს ჩაწერილი Tearjerker-ით მუსიკოსებმა კურტ კობეინის ხსოვნას მიაგეს პატივი, სიმღერით Give It Away კი, ცნობილი მსახიობის ხოაკინ ფენისქსის ძმა - რივერ ფენიქსი გაიხსენეს, რომელიც კიდისის ახლო მეგობარი იყო.

მართალია, ჯგუფის ძირითად გიტარისტად ჯონ ფუშანტე ითვლება, მაგრამ ხანგრძლივი არსებობის მანძილზე Red Hot Chili Peppers-მა შვიდი გიტარისტი გამოიცვალა ჰილელ სლოვაკს, ჯოშ კლინგჰოფერის და დუეინ მაკნაიტის ჩათვლით, რომელსაც იმდენად სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა ჯგუფის წევრებთან, რომ კიდისს სახლის გადაწვითაც დაემუქრა.

* * *

ერთი შეხედვით ამორალური და ასოციალური იმიჯის მიუხედავად, Red Hot Chili Peppers ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს ქველმოქმედებაში. მეტიც, ფლის ანუ მაიკლ პიტერ ბალზარის განცხადებით, სწორედ სცენა იქცა იმ პლატფორმად, საიდანაც თამამად შეუძლიათ გლობალურ პრობლემებზე საუბარი.

მუსიკოსებმა რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი გამართეს სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდების მხარდასაჭერად, ცნობილი ქარიშხლის კატარინას მსხვერპლთა დასახმარებლად, თავად ფლიმ კი, არაკომერციული ორგანიზაცია Silverlake Music Conservatory დააარსა, რომელიც ნაკლებად შეძლებულ მოზარდებს მუსიკალური განათლების მიღებაში ეხმარება.