80 ხმით, ერთხმად მიღებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კრიტიკის სამიზნეა ოპოზიციის მხრიდან. პოლიტიკური შურისძიებისა და დიქტატურის დამყარების მცდელობა - ასე ფასდება ცვლილებები, რომელიც უმრავლესობამ 13 მაისის პლენარულ სხდომაზე სამივე მოსმენით მიიღო. სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს ოპოზიციური ველის გაჯანსაღებით ხსნის. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.