79 მომხრე, 0 წინააღმდეგი - „ქართულმა ოცნებამ“ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საუბარია ახალ ნორმებზე, მათ შორის ეთიკისა და ქცევის წესების მიმართულებით. ამ კანონპროექტის მიხედვით, ისეთი დარღვევა, რამაც, შესაძლოა, ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა გამოიწვიოს, კონკრეტული პირის ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძველი იქნება. გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის და პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელება 1 წლამდე, ნაცვლად 6 თვისა. ამის საპასუხოდ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ინიციატივა არის „რეპრესიების მორიგი“ მექანიზმი, რომლითაც იმ ადამიანებს დასჯიან, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებენ.