პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით გიორგი ხოჭავა გამოკითხა. გიორგი ხოჭავას განცხადებით, 2010 წელს, როდესაც ის 19 წლის იყო, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ დააკავა და აიძულებდა ქურდობა ეღიარებინა, რომელიც მას არ ჩაუდენია.
როგორც მან აღნიშნა, დაკავების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით: მას სცემდნენ, რა დროსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსანმა კოხტა კოდუამ ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი ჩაუდო, ასევე, აწამებდნენ, მათ შორის, ელექტროშოკის გამოყენებით, არ აძლევდნენ წყალს და საკვებს, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების მოკვლით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს კი, მის დედას და მეზობელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გიორგი ხოჭავას განცხადებით, ზუგდიდის ციხეში მის მიმართ ფიზიკური ძალადობა და წამება გაგრძელდა, რა დროსაც მიღებული დაზიანებების მკურნალობის საშუალება გარკვეული პერიოდი არ ეძლეოდა.