30-დღიანი ზავის ნაცვლად, პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე კიევი თანახმაა - Palitra News

30-დღიანი ზავის ნაცვლად, პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე კიევი თანახმაა

2025-05-12 09:22:03+04:00

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინშია. 30-დღიანი ზავის ნაცვლად, პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე კიევი თანახმაა, თუმცა დღეიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის, განცხადებით, კრემლის ლიდერს ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში პირადად დაელოდება. პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ საერთაშორისო ლიდერებიც. მსოფლიოს წამყვანი დიპლომატები აცხადებენ, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივი და უპირობო შეწყვეტა, პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე მთავარი ნაბიჯი იქნება. ევროპელი ლიდერების განცხადებით, ახლა მსოფლიო დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმებოდა. მისი თქმით, ამის შემდეგ ევროპელ ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, რა ხდება და შესაბამისად იმოქმედებენ.