აზარტულ თამაშებში მონაწილეობა საქართველოს 1 579 340 მოქალაქეს აქვს აკრძალული - Palitra News

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა საქართველოს 1 579 340 მოქალაქეს აქვს აკრძალული

2025-05-08 13:53:13+04:00

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა საქართველოს 1 579 340 მოქალაქეს აქვს აკრძალული. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, დაინტერესებულ პირს ელექტრონულ სერვისზე სწრაფი იდენტიფიკაციის გზით, შედარებით უფრო მარტივად შეუძლია საკუთარი მონაცემების შეყვანა. ანუ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სწრაფი იდენტიფიცირების გზით, ვებგვერდზე www.rs.ge ავტორიზაციის გარეშე, მარტივად მოახდინოს საკუთარი მონაცემების შეყვანა. ამასთან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანა, შესაძლებელია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ელექტრონული განცხადების წარდგენით. შემოსავლების სამსახურის

ინფორმაციით, ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, ამ ეტაპზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 26 655 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 58 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე 26 597 განაცხადი დარეგისტრირდა.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში 1 552 685 პირის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი. მოგეხსენებათ, რომ „აკრძალულ პირთა“ რეესტრში ხვდებიან, ისინი ვინც დასაქმებულია საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათ შორის: სახელმწიფო მოსამსახურეები, საჯარო მოსამსახურეები და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები.