გასულ წელს შემოწმებული ფულის, მათ შორის ლარის, დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების თითქმის 60% ყალბი აღმოჩნდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ექსპერტიზა 11 014 ერთეულ ფულის საეჭვო ნიშანზე ჩატარდა, საიდანაც 59.7% ანუ 6 574 ყალბი აღმოჩნდა. შესაბამისად 3 604 - ნამდვილი, ხოლო 836 ფულის ნიშანზე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არგადახდადი იყო. აღსანიშანავია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან და ფიზიკური პირების მიერ მიწოდებულ საეჭვო ფულის ნიშანზე. ამავე ანგარიშის მიხედვით, ლარის ყალბი ბანკნოტებიდან თუ მონეტებიდან, ყველაზე დიდი წილი 50-თეთრიან მონეტებზე მოდის, მეორე ადგილზეა ერთ-ლარიანი მონეტები და ყველაზე გაყალბებად სამეულში შედის ასევე 100-ლარიანი ბანკნოტები. საინტერესოა, რომ გასულ წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით შემცირდა, დაახლოებით 40%-ით, სამაგიეროდ მიმოქცევაში გაიზარდა ყალბი დოლარის და ევროს კუპიურების რაოდენობა, ამ უკანასკნელის მთელი 42.5 პროცენტით.