სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა. დრონებით თავდასხმის საფრთხის ფონზე რუსეთის საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვების გამო, სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი იძულებით ბაქოში დაჯდა. ვუჩიჩმა მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირს მიმართა და განაცხადა, რომ თუ ევროპა აღლუმზე დასწრებისთვის მხარეების დასჯას გეგმავს, მაშინ პასუხი არა სერბეთმა, არამედ კონკრეტულად ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა აგოს. სერბეთის ლიდერთან ერთად რუსეთში უკვე იმყოფება სი ძინ პინიც. ვიზიტი გააუქმეს აზერბაიჯანისა და ლაოსის ლიდერებმა. აღლუმზე ილჰამ ალიევის არ დასწრების მიზეზად აზერბაიჯანის შიდა ღონისძიებებში ჩართულობის აუცილებლობა დაასახელეს, ხოლო ლაოსის პრეზიდენტის შესახებ გავრცელებული ცნობების თანახმად, ის კორონავირუსით დაავადდა.