ბრიტანელი მხატვარი დემიენ ჰერსტი, რომლის ნამუშევრები პიკასოსა და მონეს ნახატებზე ძვირად ფასობს, არა მხოლოდ 21-ე საუკუნის ყველაზე მდიდარი შემოქმედია, რადგან მისი კაპიტალი 384 მილიონ დოლარს შეადგენს, არამედ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და სკანდალური მხატვარია - Palitra News

ბრიტანელი მხატვარი დემიენ ჰერსტი, რომლის ნამუშევრები პიკასოსა და მონეს ნახატებზე ძვირად ფასობს, არა მხოლოდ 21-ე საუკუნის ყველაზე მდიდარი შემოქმედია, რადგან მისი კაპიტალი 384 მილიონ დოლარს შეადგენს, არამედ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და სკანდალური მხატვარია

2025-05-08 11:06:06+04:00

* დემიენ ჰერსტი -

ბრიტანელი მხატვარი დემიენ ჰერსტი, რომლის ნამუშევრები პიკასოსა და მონეს ნახატებზე ძვირად ფასობს, არა მხოლოდ 21-ე საუკუნის ყველაზე მდიდარი შემოქმედია, რადგან მისი კაპიტალი 384 მილიონ დოლარს შეადგენს, არამედ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და სკანდალური მხატვარია. მეტიც, სწორედ ჰერსტის უჩვეულო ნამუშევრები - ზვიგენი ფორმალდეჰიდში და ბრილიანტებით ინკრუსტირებული თავის ქალა ითვლება თანამედროვე ხელოვნების სიმბოლოდ.

2008 წელს გალერეების გვერდის ავლით ჰერსტმა 111 მილიონ ფუნტად ანუ 198 მილიონ დოლარად გაყიდა აუქციონზე საკუთარი კოლექცია "მშვენიერი ყოველთვის ჩემს თავშია" (Beautiful Inside My Head Forever) და ერთგვარი რეკორდი დაამყარა ერთი მხატვრის გაყიდული ნამუშევრებით.

* * *

დემიენ ჰერსტი 1965 წლის 7 ივნისს დაიბადა ინგლისის ქალაქ ბრისტოლში, თუმცა მთელი ბავშვობა ლიდსი გაატარა. სხვათა შორის, სახასიათო იორკშირული აქცენტი, რომელიც ლიდსში შეიძინა, მოგვიანებით ჰერსტმა საკუთარ "საფირმო ნიშნად" აქცია.

მომავალი მხატვრის მამა, რომელმაც ადრე მიატოვა ოჯახი, რიგითი მექანიკოსი იყო და მოძველებული ავტომობილებით ვაჭრობდა, დედა კი, მოყვარული მხატვარი და მართალია, არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული ორიგინალურობით, მაგრამ თავშესაქცევად მაინც ბევრს ხატავდა.

დედამ სწრაფად დაკარგა ურჩ და დაუმორჩილებელ დემიენზე კონტროლი, რომელიც სკოლაში სწავლის ნაცვლად მთელ დროს ქუჩაში ატარებდა და ორჯერ საპატიმროშიც მოხვდა ქურდობის ბრალდებით. 14 წლის ასაკში ჰერსტმა იძულებით ჩააბარა ლიდსის სამხატვრო კოლეჯში, რადგან საშუალო სკოლიდან გაძევებული არცერთ სასწავლებელში აღარ მიიღეს.

* * *

კოლეჯის დასრულების შემდეგ დემიენი ლონდონში გაემგზავრა, სადაც წმინდა მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალურ კოლეჯში (Central Saint Martins College of Art and Design) სცადა ჩაბარება, თუმცა ვერ შეძლო პრესტიჟული სასწავლებლის მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილება. რამდენიმე წელი ჰერსტმა მშენებლობაზე იმუშავა, რადგან არ სურდა ლიდსში დაბრუნება, ბოლოს კი, გოლდსმიტის უნივერსიტეტთან არსებულ (Goldsmith, University of London) ნატიფი ხელოვნების კოლეჯში ჩააბარა.

1980-იან წლებში გოლდსმიტის კოლეჯი განსაკუთრებული ნოვატორობითა და ორიგინალურობით გამორჩეულ სასწავლებლად ითვლებოდა, რადგან სწორედ იმ ახალგაზრდებს აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას, ვინც პრესტიჟულ, თუმცა კონსერვატორულ, ძველი ტრადიციების ერთგულ უნივერსიტეტებში ვერ შეძლო ჩაბარება. მეტიც, სასწავლებელში, სადაც პედაგოგებიც იშვიათი გამომგონებლობით ხასიათდებოდნენ, სტუდენტებს არც ხატვის განსაკუთრებული უნარი მოეთხოვებოდათ, არც სახელოვნებო განათლება. სხვათა შორის, გოლდსმიტის სწავლების ინოვაციური მეთოდი, რომელმაც უამრავ ნიჭიერ შემოქმედს მოუყარა თავი, ფართო აღიარება მოიპოვა და მოგვიანებით მთელი მსოფლიოს სასწავლებლების მასშტაბით გავრცელდა.

* * *

1988 წელს ჰერსტმა, რომელსაც მეტად უჩვეულო გატაცება ჰქონდა და სისტემატურად სტუმრობდა კლინიკების მორგებს, მოგვიანებით კი, განაცხადა, რომ იდეათა უმეტესობა სწორედ მიცვალებულების თვალიერებისას გაუჩნდა, დამოუკიდებელ სტუდენტთა გამოფენას Freeze-ს (ანუ "გაიყინე") გაუწია ორგანიზება.

ლონდონის პორტის ადმინისტრაციის ცარიელ შენობაში მოწყობილ გამოფენაში ჰერსტთან ერთად Goldsmiths College-ის 17-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის ისეთი ცნობილი მხატვრები აღმოჩნდნენ, როგორებიც მეტ კოლინშოუ, სარა ლუკასი, იენ დევენპორტი და ანა გალაჩიო არიან. აღსანიშნავია, რომ ჰერსტმა არა მხოლოდ საკუთარი ექსპოზიცია - ლატექსის საღებავით შეფერილი მუყაოს ყუთები წარადგინა გამოფენაზე, არამედ სხვა სტუდენტების ნამუშევრებიც თვითონ შეარჩია, კატალოგი გამოსცა და გამოფენის ორიგინალურად გახსნაზეც თავად იზრუნა.

ლონდონის პორტში მოწყობილ გამოფენას, რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია და უამრავი დამთვალიერებელი მიიზიდა, ლონდონის გავლენიანი და მეტად ამბიციური გალერეის მფლობელი, კოლექციონერი ჩარლზ საატჩიც ეწვია, რომელიც ნაკლებად ცნობილი მხატვრების შემოქმედებით ინტერესდებოდა. სწორედ საატჩის წყალობით გახდა ჰერსტი მოდური მოძრაობის Young British Artists-ის ლიდერი, რომელმაც ახალგაზრდა მხატვრები გაერთიანა და 1990-იანი წლების დასაწყისის ბრიტანული არტის მთავარ მოვლენად იქცა.

* * *

1990 წელს, Goldsmiths College-ის დასრულების შემდეგ ჰერსტმა კიდევ ერთი გამოფენა Gamble მოაწყო Bermondsey-ის ქარხნის ცარიელ ანგარში მეგობართან კარლ ფრიდმანთან ერთად. საატჩი ახალგაზრდა ენთუზიასტის მორიგ გამოფენასაც სიამოვნებით ესტუმრა. მეტიც, ფრიდმანის განცხადებით, გამოცდილი გალერისტი და კოლექციონერი აღფრთოვანებული დარჩა ჰერსტის ინსტალაციით "ათასი წლით" (Thousand Years), რომელიც სიკვდილისა და სიცოცხლის ერთგვარ მხატვრულ დემონსტრირებად იქცა.

უჩვეულო ნამუშევარი - ბუზის მატლებით გავსებული მასიური აკვარიუმი, რომლებიც გახრწნილი ხორცით იკვებებიან, იზრდებიან და სრულფასოვანი ბუზები ხდებიან, თუმცა მალევე იღუპებიან, რადგან მწერების ელექტრონულ ხაფანგში ხვდებიან, საატჩმა დაუფიქრებლად შეიძინა, მერე კი, ჰერსტის გამომგონებლობით მოხიბლულმა მეტად მაცდუნებელი შეთავაზება გაუკეთა, რადგან ნებისმიერი ჩანაფიქრის დაფინანსებას შეჰპირდა, რასაც მოიფიქრებდა. შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბუზების ინსტალაცია ცნობილი ირლანდიელი ექსპრესიონისტისთვის ფრენსის ბეკონისთვისაც, რომლის გავლენას საკუთარ შემოქმედებაზე ჰერსტი არასდროს უარყოფდა.

* * *

რა თქმა უნდა, ჰერსტმა სიამოვნებით მიიღო საატჩის შეთავაზება და ერთი წლის შემდეგ სწორედ მის გალერეაში გამოფინა თავისი ერთ-ერთი პირველი შედევრი "სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა ცოცხალი ადამიანის გონებაში" (The Physical Impossibility of Death in the Mind of Someone Living).

ექსპოზიცია - 3,4 მეტრის ზვიგენი, რომელიც "სიამოვნებით ცურავდა" ფორმალინით სავსე აკვარიუმში, საატჩის 50 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა, თუმცა, 2004 წელს ცნობილმა კოლექციონერმა სტივ კოენმა 12 მილიონ დოლარად ანუ 6,6 მილიონ ფუნტად შეიძინა, რისი წყალობით ჰერსტის ნამუშევარი თანამედროვე ბრიტანული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნიმუშად იქცა. სხვათა შორის, თავად ზვიგენი ავსტრალიელმა მეთევზეებმა დაიჭირეს და 6 ათას ფუნტად გაყიდეს.

მართალია, საკუთარი ნამუშევრისთვის ჰერსტი თანამედროვე ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული - ტერნერის პრემიის ნომინანტი გახდა, მაგრამ გრინვილ დეივისთან კონკურენციაში დამარცხდა, თუმცა წარმატებული დებიუტი გაითვალისწინა და მომავალშიც არაერთხელ გამოიყენა დასპირტული ცხოველები და მწერები საკუთარი ინსტალაციების შექმნისას, პრესტიჟული პრემია კი, 1995 წელს მოიპოვა მკვდარი ცხვრის ფორმალდეჰიდში მოთავსებისთვის.

* * *

მნიშვნელოვან პერიოდად ჰერსტისთვის 1990-იანი წლები იქცა, როცა ჯერ ვენეციის ბიენალეზე წარადგინა მორიგი უჩვეულო ინსტალაცია - "გაყოფილი დედა-შვილი" ანუ ფორმალდეჰიდით სავსე ორ აკვარიუმში მოთავსებული ძროხისა და ხბოს ნაწილები, მერე ავტობიოგრაფიული წიგნი I Want To Spend the Rest of My Life Everywhere, with Everyone, One to One, Always, Forever, Now გამოსცა, ბოლოს კი, ახალი შემოქმედებითი სტილის ძირითადი მოტივები - ე.წ. ფერადი ლაქებისა (spot painting) და კონცენტრალური წრეების (spin painting) ტექნიკა მოსინჯა, რომელიც გვიანდელი პერიოდის ფერწერის წამყვან თემად აქცია.

2000-იანი წლების დასაწყისში მხატვარმა "ლაქებიანი ნახატების" მთელი სერია შექმნა, რომელიც მარტივი, თუმცა ეფექტური ფერადი წრეების თანამიმდევრულ მონაცვლეობას წარმოადგენდა, ორი წლის შემდეგ კი, სწორედ spot painting-ის ტექნიკის გამოყენებით მოხატა კოსმოსური სადგურის Beagle2-ის ერთ-ერთი მოწყობილობა, რომელიც ერთი წლის შემდეგ მარსზე გაფრინდა.

"ლაქებით ხატვა" ჰერსტმა უზარმაზარ ინდუსტრიად აქცია და ასამდე სახელოსნო გახსნა მთელი ბრიტანეთის მასშტაბით. მხატვრის განცხადებით, თვითონ მხოლოდ ხუთი ტილო შექმნა ფერადი წრეებით, დანარჩენი ძვირადღირებული შედევრები კი, მის მაღალგანვითარებულ ინდუსტრიაში დასაქმებულთა დამსახურებაა.

* * *

მორიგი შოკისმომგვრელი შედევრი შექმნა და ახალი საფასო რეკორდი დაამყარა ჰერსტმა 2007 წელს, როცა პუბლიკას თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებული ობიექტი - 8601 ბრილიანტით ინკრუსტირებული თავის ქალა წარუდგინა, რომელსაც "ღმერთის სიყვარულით" (For the Love of God) უწოდა.

მართალია, 21-ე საუკუნის ნოვატორული ხელოვნების ერთგვარ ხატებად ქცეული ნამუშევრის საერთო ღირებულებამ 20 მილიონი დოლარი შეადგინა, მაგრამ ბრილიანტით მოჭედილი პლატინის თავის ქალა ადამიანის ნამდვილი კბილებით, ანონიმმა კოლექციონერმა 100 მილიონ დოლარად შეიძინა და ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშის მფლობელი გახდა.

თუმცა, ჰერსტმა, რომელსაც ბრწყინვალე კომერციული ინტუიცია აღმოაჩნდა, უზარმაზარი ჰონორარი არ იკმარა და 2008 წლის სექტემბერში, ამერიკის საინვესტიციო ბანკების კრახამდე რამდენიმე დღით ადრე Sotheby's-ის აუქციონზე გაყიდა რამდენიმე ნამუშევარი, რომელთა საერთო ღირებულებამ 206 მილიონი დოლარი შეადგინა. სხვათა შორის, მხატვარმა პირადად წარადგინა საკუთარი ნახატები აუქციონზე, რაზეც მანამდე კატეგორიულ უარს აცხადებდა, რადგან მხოლოდ კერძო დილერებისა და გალერეების შუამავლობით ჰყიდდა.

* * *

წარმატების მიუხედავად, უმდიდრესი მხატვრის ცხოვრება არა მხოლოდ შემოქმედებითი ძიებებით, არამედ უსიამოვნებებითაც მდიდარი აღმოჩნდა, რის მთავარ მიზეზად მისი ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გატაცება იქცა. ყოველთვის ურჩი ჰერსტი იმდენად უკონტროლო გახდა, რომ უზნეო და ამორალური ქცევისთვის ჯერ რამდენიმე რესპექტაბელურმა ლონდონურმა რესტორანმა შეიტანა შავ სიაში, მერე მეგობარი ქალი დაშორდა.

თავი გამოიჩინა ჰერსტმა 2001 წლის ნიუ-იორკის ცნობილი ტერაქტის შემდეგაც, როცა ცინიკურად განაცხადა, რომ შეტევა ცათამბჯენებზე, თვითმფრინავების აფეთქება და შენობების ჩამონგრევა ისე ოსტატურად იყო ჩაფიქრებული და განხორციელებული, რომ ხელოვნების ნამდვილ შედევრად იქცა. რა თქმა უნდა, მოგვიანებით მხატვარს საკუთარ არაპოლიტკორექტულ გამონათქვამებზე ბოდიშის მოხდა მოუწია, მაგრამ ამერიკულ პუბლიკას დიდი ხნით შეაძულა თავი.

საბედნიეროდ, 2000-იანი წლების ბოლოს მხატვარმა უარი თქვა მავნე ჩვევაზე და მკურნალობის ხანგრძლივი კურსის გავლის შემდეგ, არა მხოლოდ შელახული რეპუტაცია აღიდგინა, არამედ საყვარელი ქალი - მაი ნორმანიც დაიბრუნა, ვისთანაც დღეს სამი შვილი ჰყავს და მშვიდად ცხოვრობს საკუთარ მამულში დევონშირის საგრაფოში.