კონკურენციის სააგენტომ სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციის ვაჭრობის სექტორი შეისწავლა და დაადგინა, რომ საცალო ფასზე ყველაზე მეტად ქეშბექი მოქმედებს, რომელსაც დისტრიბუტორი მიწოდებული პროდუქციის ფასიდან იხდის. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წელს რითელ ბაზრის საცალო დონის მოცულობამ 12 მილიარდ 792 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, (დღგ-ს გარეშე), რაც 2023 წლის მაჩვენებელს 6.75%-ით აღემატება. სააგენტოს შეფასებით, ბაზრის საცალო დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით. თუმცა ბოლო წლებში, ბაზარზე ფიქსირდება როგორც ქსელების გაერთიანების და გამსხვილების შემთხვევები, ასევე ბაზარზე ჩნდებიან ახალი მოთამაშეები. სწრაფი განვითარება შესამჩნევია რეგიონებში. ანგარიშის თანახმად, სწრაფადბრუნვადი საქონლის ბაზრის საცალო დონეზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიცაა ქეშბექი, ქსელში/ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, თარო, მარკეტინგი და ა.შ. კონკურენციის სააგენტო ამბობს, რომ სიდიდის გათვალისწინებით, საცალო ფასზე ყველაზე მეტად ქეშბექი მოქმედებს, რომელსაც დისტრიბუტორი მიწოდებული პროდუქციის ფასიდან იხდის, შესაბამისი პროცენტული ოდენობით. პროდუქტების უმრავლესობაზე ქეშბექის დინამიკა მზარდია. მაგალითად ბოთლში ჩამოსხმული წყლის შემთხვევაში ქეშბექი 22%-დან 33%-მდეა, კვერცხის შემთხვევაში 20%-დან 24%-მდე, მზესუმზირის ზეთის 8%-დან 15%-მდე და ა.შ. სააგენტოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქეშბექის დიაპაზონი მსგავს პროდუქტებზე ცვალებადია, დისტრიბუტორების და რითეილის დონეზე, საბოლოო ჯამში, პროდუქტი საცალო დონეზე, მეტ-ნაკლებად, იდენტურ ფასად იყიდება. იქ სადაც ქეშბექი დაბალია, მაღალია რითეილის შემდგომი ფასნამატი, რაც განაპირობებს იდენტურ პროდუქტებზე მსგავს ფასებს სხვადასხვა ქსელებში