ლათინოამერიკელმა მომღერალმა შაკირამ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვოკალისტი და ყველაზე წარმატებული კოლუმბიელია, ცეცხლოვანი ცეკვებითა და მეტად უჩვეულო ხმის ტემბრით დაიმსახურა მილიონობით მელომანის თაყვანისცემა - Palitra News

ლათინოამერიკელმა მომღერალმა შაკირამ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვოკალისტი და ყველაზე წარმატებული კოლუმბიელია, ცეცხლოვანი ცეკვებითა და მეტად უჩვეულო ხმის ტემბრით დაიმსახურა მილიონობით მელომანის თაყვანისცემა

2025-05-01 09:53:16+04:00

* შაკირა -ლათინოამერიკელმა მომღერალმა შაკირამ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვოკალისტი და ყველაზე წარმატებული კოლუმბიელია, ცეცხლოვანი ცეკვებითა და მეტად უჩვეულო ხმის ტემბრით დაიმსახურა მილიონობით მელომანის თაყვანისცემა.

* * *შაკირა ისაბელ მებარაკ რიპოლი 1977 წლის 2 თებერვალს დაიბადა კოლუმბიის ინდუსტრიულ საპორტო ქალაქ ბარანკილიაში. ეგზოტიკურ გარეგნობას მუსიკოსი პირველ რიგში საკუთარ მშობლებს - ლიბანელ მამას უილიამ მაბერაკ შადიდას და ესპანელ დედას ნადია რიპოლს უნდა უმადლოდეს, რომელსაც იტალიელი წინაპრებიც მრავლად აღმოაჩნდა. სხვათა შორის, უჩვეულო სახელი, რომელიც არაბულად "კეთილშობილს" ნიშნას, საყვარელ ქალიშვილს მამამ დაარქვა. მართალია, ღვიძლი დედმამიშვილი შაკირას არ ჰყავს, მაგრამ მშობლების წინა ქორწინებების წყალობით მთელი რვა და-ძმა დაუგროვდა.

* * *ბავშვობიდანვე მეტად ერუდირებული შაკირა, რომელმაც ადრეულ ასაკში ისწავლა წერა-კითხვა, პირველი ლექსი La rosa de cristal ("ბროლის ვარდი") კი, 4 წლისამ დაწერა, არა მხოლოდ მღერის, არამედ თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე - ესპანურად, პორტუგალიურად და იტალიურად, ინგლისურად, ფრანგულად და არაბულად.

ინგლისური მოზარდმა დამოუკიდებლად ისწავლა ლექსიკონის გამოყენებით, რადგან ძალიან უნდოდა გაეგო რაზე მღეროდა ბობ დილანი, პორტუგალიურს ბრაზილიაში ცხოვრებისას დაეუფლა, ფრანგულის სწავლა კი, ფილმში "სიყვარული ქოლერის დროს" მონაწილეობისას მოუხდა.

აღსანიშნავია, რომ კოლეგებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალ შაკირას IQ - 140-ს შეადგენს, მაშინ, როცა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის IQ - 100-ს, ალბერტ აინშტაინისა კი, 160-ს შეადგენდა. ამასთანავე, მუსიკოსი აქტიურად ინტერესდება სხვადასხვა მეცნიერებებით - ასტრონომიის, ისტორიის, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ჩათვლით, ძალიან უყვარს კითხვა და ლექსების წერა, რომელთა შორის რამდენიმე ლათინურ ენაზეც კი დაწერა.

* * *წარმატებული კარიერის პარალელურად შაკირა საქველმოქმედო საქმიანობითაცაა დაკავებული. 1997 წელს მუსიკოსმა ფონდი Pies Descalzos Foundation დააფუძნა, რომელიც არა მხოლოდ კოლუმბიის, არამედ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც ზრუნავს ღატაკი ბავშვების განათლებაზე. ამასთანავე, შაკირა იუნისეფის კეთილი ნების ელჩია და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ პროგრამებში. სწორედ იუნისეფის მისიის ფარგლებში გადარიცხა მუსიკოსმა მილიონობით დოლარი სიღატაკესთან, შიმშილთან და შიდსთან ბრძოლის ფონდებში, კოლეგებთან ერთად კი, მრავალგზის მიიღო მონაწილეობა საქველმოქმედო კონცერტებში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიწისძვრებით, წყალდიდობებითა და სხვა სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დასახმარებლად მოეწყო.

* * *მრავალრიცხოვანი პრიზების, მათ შორის "გრემის", ბილბორდის, ამერიკული მუსიკალური საზოგადოების და MTV-ის პრემიების მფლობელი შაკირა, არა მხოლოდ ჟურნალებმა Time-მა Forbes-მა და People-მა დაასახელეს ყველაზე ლამაზ და გავლენიან ქალბატონად, არამედ გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე გაყიდვადი კოლუმბიელი შემსრულებელი.

* * *მომავალი მეუღლე, ესპანელი ფეხბურთელი ჟერარ პიკე ფეხბურთის თავგამოდებულმა თაყვანისმცემელმა შაკირამ, რომელიც კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობს და ყველა თამაშს ესწრება, 2010 წელს გაიცნო საკუთარი კლიპის Waka Waka (This Time for Africa) გადაღებებზე. მართალია, წყვილს ორი შვილი - მილანი და საშა შეეძინა, მაგრამ 2022 წელს მაინც დაშორება გადაწყვიტეს.სხვათა შორის, შაკირამ სამი მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაწერა ჰიმნი. სწორედ მისი Waka Waka-ს ფონზე ჩატარდა მსოფლიო ასპარეზობა აფრიკაში, კომპოზიცია La La La - ბრაზილიურ პირველობას, Live It Up კი - რუსეთში გამართულ ჩემპიონატს მიუძღვნა.

* * *ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარმა შაკირამ დიდი ხანია უარი თქვა ხორცის მირთმევაზე და მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებება. ამასთანავე, მუსიკოსი არც თამბაქოს ეტანება, არც ალკოჰოლს, აქტიურადაა გატაცებული იოგათი, მედიტაციითა და პილატესით, რადგან თვლის, რომ "სხეული - მისი მთავარი იარაღია, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება".

* * *მუსიკოსმა, რომელიც მეტწილად საკუთარი ავტორობით შექმნილ კომპოზიციებს ასრულებს, პირველი სიმღერა 8 წლისამ შექმნა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ მომღერლობა უნდოდა. ამასთანავე, შაკირა ბრწყინვალედ ფლობს რამდენიმე ინსტრუმენტს - გიტარას, დრამს, ჰარმონიკასა და ფლეიტას. თუმცა, ყოველმხრივ ნიჭიერი მუსიკოსი, რომელიც სხვადასხვა ჟანრის გაერთიანებით ცდილობს ექსპერიმენტების ჩატარებას, არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ საკუთარი ალბომების პროდიუსერობით და რეკლამირებითაცაა დაკავებული, რადგან თვლის, რომ ყველაზე უკეთ სწორედ ავტორს შეუძლია საკუთარი ნაშრომის წარდგენა და პუბლიკისთვის შეთავაზება.* * *წარმატებულ მუსიკოსს კოლეგებთან ერთად ცნობილი პოლიტიკოსები და აქტივისტებიც დიდ პატივს სცემენ, რადგან ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გლობალური პრობლემების განხილვაში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საკმაოდ ხშირად სტუმრობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპარლამენტს და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, სადაც ბავშვების, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ლტოლვილთა უფლებებს იცავს.