გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, თავდაცვის ძალების გაძლიერება, ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს არის დღე, როცა დიდი სიამაყით წარმოვაჩენთ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს.
ამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. გპირდებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.
გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს. მადლობას გიხდით, თითოეულ თქვენგან გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლის ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასდროს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.