მაიკ უოლცი - აშშ-ს, 33 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით, ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება აღარ შეუძლია - Palitra News

მაიკ უოლცი - აშშ-ს, 33 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით, ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება აღარ შეუძლია

2025-04-30 11:24:20+04:00

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ნატოელი მოკავშირეების სუბსიდირება აღარ შეუძლია.

„შეერთებულ შტატებს, 33 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით, ფაქტობრივად აღარ შეუძლია ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება“, - აღნიშნა ვოლცმა New York Post-თან ინტერვიუში.

მან გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება, რომ ნატო-ს წევრებმა თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს მინიმუმ 5%-მდე გაზარდონ.

„გავიხსენოთ, რომ 11 წლის წინ ნატო-მ - როგორც ჯგუფმა, მისმა ყველა წევრმა - აიღო ვალდებულება 2%-ის ოდენობაზე. ეს იყო მინიმალური მოთხოვნილება 2014 წელს. რა მოხდა 2014 წელს? უკრაინაში პირველი შეჭრა, ყირიმის ანექსია. ეს უნდა ყოფილიყო გამოფხიზლების ზარი, რათა ყველას მინიმალური მოთხოვნილების 100%-მდე მიეღწია“, - აღნიშნა უოლცმა.

მისი თქმით, გასაოცარია, რომ ახლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ომის ფონზე, ნატო-ს ქვეყნები კვლავ ჩამორჩებიან.

„ჩვენ ჯერ კიდევ კარგი გზა გვაქვს გასავლელი და გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა გადაიხადონ თავიანთი სამართლიანი წილი, გაიზიარონ ეს ტვირთი“, - განაცხადა უოლცმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ევროპის ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინისთვის მომავალში დახმარების გაწევა ევროპის ხელმძღვანელობით უნდა მოხდეს“, - აღნიშნა უოლცმა.