ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - Palitra News

ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

2025-04-29 18:48:37+04:00

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

როგორც პროკურორი ნათია თათიაშვილი საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნავდა, მელიას მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებული წარსულში აღნიშნული ქმედებებიდან გამომდინარე, გულგრილია კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

პროკურორის თქმით, მათ ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლით დაასკვნეს, რომ 50 000-ლარიანი გირაო არის ის თანხა, რომლის გადახდასაც ის შეძლებს.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გირაოს თანხის ოდენობას უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ფაქტორი, ამ შემთხვევაში 50 000-ლარის ოდენობით. გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვროს.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისია გადაქცეულია პროპაგანდის ინსტრუმენტად. ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას საჯაროდო დანაშაულიც არ ჩაუდენია,რადგან არაკონსტიტუციური ორგანოს მოთხოვნა ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

ამასთან, როგორც გიორგი კონდახიშვილი აცხადებადა, მიმალვის საფრთხე ჰიპოთეზურია.

ადვოკატ განცხადებით, ნიკა მელიას წარსულში არანაირი კანონი არ დაურღვევია. მას წარსულში დაკისრებული გირაო ევროკავშირმა გადაუხადა. ამიტომ გირაოს დარღვევა არასდროს ყოფილა ნიკა მელიას მხრიდან. ამასთან, კონდახიშვილის თქმით, საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატის მოთხოვნა იყო, რომ სასამართლოს ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა.

როგორც თავად მელიამ სხდომაზე განაცხადა, ბრალდების მხარე, არც სიმართლეს არც მართლმსაჯულებას არ ემსახურება.

“ის რომ დღეს აქ ვარ, არ ნიშნავს, რომ გეთანხმებით. 50 ათასი გირაო უსამართლოა. ამას მე და არც ჩემი მეგობრები არ ვიღებთ.

წულუკიანის კომისია თავიდან ბოლომდე არის უკანონო. როგორც მურუსიძეს თანამშრომელმა, რა თქმა უნდა, ეს არ იცით. თქვენ არ ემსახურებით სიმართლეს, არც ღირსებას. მე საკუთარი თვალით დაგინახეთ, როგორ შედიოდით რესტორან “ბაბილოში”.

კონსტიტუციის თანახმად სავალდებულო მოთხოვნა ე.წ. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრების ნახევარი მაინც უნდა იყოს ოპოზიციიდან, ხომ შეიძლება თქვენ მითხრათ ან პროკურორმა, 50 ათასი ლარის გადახდას მთხოვთ და ვერ მეუბნებით სახელ და გვარებს” ,- მიმართა მელიამ მოსამართლეს.

ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ მელიას მიმართა, რომ დღევანდელ სხდომაზე არ განიხილება საგამოძიებო კომისიის საკითხი და არც ის ლეგიტიმურია თუ არა კომისია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.