ამ წლის პირველ სამ თვეში საქართველოში მართვის მოწმობა 6 148 მოქალაქემ აიღო. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, აქედან 81 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი უცხოელი, რომელმაც მართვის მოწმობა საქართველოში აიღო, რუსეთიდანაა. უფრო კონკრეტულად, წელს 3 თვეში ქართული მართვის მოწმობა რუსეთის 34-მა მოქალაქემ მიიღო. საგულისხმოა ისიც, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის მხოლოდ 19-მა მოქალაქემ აიღო. მეორე ადგილზე არიან ბელარუსის მოქალაქეები, წელს ქართული მართვის მოწმობა 13 პირზე გაიცა. სამეულში მოხვდნენ ინდოეთის მოქალაქეებიც, მათზე 9 მართვის მოწმობა გაიცა. ასევე, მიმდინარე წელს საქართველოს მართვის მოწმობა მიიღეს პაკისტანის, აზერბაიჯანის, უკრაინის, გერმანიის და სომხეთის მოქალაქეებმა. სხვათა შორის, რუსები სულ უფრო ხშირად ჩამოდიან საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად, რათა თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ რუსულით ჩაანაცვლონ. საქართველოში მოწმობის აღება, რუსულთან შედარებით, უფრო მარტივი და იაფია. ამის შესახებ რუსული „კომერსანტიც“ წერდა. გამოცემის ინფორმაციით, ამ გზით რუსები გვერდს უვლიან რუსეთის სახელმწიფო ავტოინსპექციას, ანუ „გაის,“ რომლის ფორმულითაც მათ გამოცდების ჩაბარება ძალიან უჭირთ და რაც ზოგჯერ ეს პროცესო წლობითაც გრძელდება. კერძოდ, სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გამოცდის ხელახლა ჩაბარება შესაძლებელია ბოლო ტესტიდან არანაკლებ ექვსი და არა უგვიანეს ცხრა თვის შემდეგ. საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის ფედერაციის 128 მოქალაქემ აიღო, 2023 წელს კი 99-მა მოქალაქემ. როგორც ხედავთ, მსურველების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.