ჩატარებული 17 სხდომა და გამოკითხული 55 პირი - ასეთია დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგი. მოთხოვნის საფუძველზე, საპარლამენტო კომისიას საქმიანობის ვადა 5 ივნისამდე გაუგრძელდა, კომისიის მორიგი სხდომა კი დღეს 10:00 საათზე დაიწყება. ამჯერად, კომისიის განსახილველი თემა საქართველოს მწერალთა კავშირთან განვითარებული მოვლენები იქნება. ამავდროულად, გრძელდება პროკურატურაში იმ პოლიტიკოსების დაბარება, რომლებმაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადნენ. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.