მამუკა მდინარაძე - უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის, პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ “ქართული ოცნება” მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას - ოპონენტები დამარცხებისათვის არიან განწირულები - Palitra News

მამუკა მდინარაძე - უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის, პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ “ქართული ოცნება” მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას - ოპონენტები დამარცხებისათვის არიან განწირულები

2025-04-28 21:01:55+04:00

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის, პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ “ქართული ოცნება” მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას - ჩვენი ოპონენტები დამარცხებისათვის არიან განწირულები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მისი პარტიის განცხადებული მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება და დამაჯერებელი გამარჯვება, ხოლო "აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ".

“ერთ-ერთი საინტერესო საკითხი არის თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები. მომდევნო დღეებში ნამდვილად არა, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისათვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები როგორც მერის, ასევე, საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას და პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ რიგით მე-10 არჩევნებში “ქართული ოცნება” მოიპოვებს მე-10 დამაჯერებელ გამარჯვებას.

ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენი ოპონენტები (ოპონენტებად თუ იწოდებიან) არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დამარცხებისათვის არიან განწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.