საპროტესტო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. სასამართლომ წინა ინსტანციის სასჯელი - 5 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა. გამოძიების მტკიცებით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა გასული წლის 17 მაისს შეუფარდა.