საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სავალუტო ფონდმა წინა პროგნოზი არ შეცვალა. ამასთანავე, განახლებული ანგარიშის მიხედვით, მომდევნო წელს სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას ელოდება. კერძოდ, მათი პროგნოზით, 2026 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდება. ანგარიშიდან ირკვევა, რომ როგორც 2025, ასევე 2026 წლებში მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს, ყველაზე დაბალი კი რუსეთს ექნება. მაგალითად, წელს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 1.5%-ით გაიზრდება; თურქეთის 2.7%-ით; აზერბაიჯანის 3.5%-ით; ხოლო სომხეთის 4.5%-ით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 9.4%-ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი აჩვენებს, რომ მომდევნო წლებში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის კლების ტენდენცია გაგრძელდება.