უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრას გამართავენ. მხარეები უკრაინაში ომის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელებენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართება, უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ თავიანთი მოლოდინები და წითელი ხაზები კიდევ ერთხელ დააფიქსირონ. უფრო ვრცლად, როგორია მოლოდინები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და რას ამბობენ ლიდერები.