მოცვის გლობალური წარმოება იზრდება, საქართველოსთვის ეს შედარებით ახალი კულტურაა, თუმცა ფერმერებს იმედი აქვთ, რომ არსებული 7-8 ათასი ტონიდან, 2028 წლისთვის წარმოების წლიური მოცულობა 25 ათას ტონას მიაღწევს. როგორც მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევიდან ირკვევა, მოცვის გლობალური ფართობი ყოველწლიურად, სულ მცირე, 10%-ით იზრდება, ხოლო მთლიანი წარმოება ბოლო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა. კერძოდ, 2023 წელს მოცვის მთლიანმა წარმოებამ მილიონ 780 ათას ტონას მიაღწია, ხოლო 2024 წელს ისტორიაში პირველად 2 მლნ ტონას გადააჭარბა. ორგანიზაციის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ მოცვის გლობალური წარმოება ვაშლის წარმოებაზე, თითქმის, 50-ჯერ ნაკლებია, მოცვის საერთაშორისო ვაჭრობა მას მხოლოდ 20%-ით ჩამორჩება. 2023 წლისთვის მოცვის გლობალური პლანტაციების ფართობმა 267 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც, 2022 წელთან შედარებით, 7.2%-ით მეტია. მოცვის მსოფლიო ნარგავებში ყველაზე დიდი, 42%-იანი წილი ლათინურ ამერიკას ეკუთვნის. პერუში, მექსიკასა და ჩილეში მოცვის გასაშენებლად დიდი ინვესტიცია ჩაიდო. ასევე, სწრაფად ავითარებს მოცვის წარმოებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, სადაც ჩინეთი ლიდერობს, რომელიც მოცულობით მსოფლიოში უმსხვილესი მოცვის მწარმოებელი გახდა. 2023 წელს მოცვის მთლიანი წარმოების 88% ჩინეთზე, აშშ-ბსა და პერუზე მოდიდოა. ამჟამად მსოფლიოში მოცვის, დაახლოებით, 32%-ს მხოლოდ ჩინეთი აწარმოებს, ამ მაჩვენებლითაც ქვეყანამ 2021 წელს აშშ-ს გადაუსწრო. რაც შეეხება ვაჭრობას, ახალი მოცვის ექსპორტი წარმოების ზრდის პარალელურად წელიწადში, საშუალოდ, 10%-ით იზრდება, რაც წლიურად, დაახლოებით, დამატებით 60 000 ტონას შეადგენს. აშშ და ევროპა მოცვის უმსხვილესი მომხმარებლები არიან. მაგალითად, 2023 წელს გლობალური იმპორტის 48%-ს აშშ-ისა და ნიდერლანდების ერთობლივი წილი შეადგენდა. ნიდერლანდები ევროპის ლოგისტიკური ცენტრის როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოს, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, წელს ქვეყანაში 7,000–8,000 ტონამდე მოცვის მოსავალს ელოდებიან. ამჟამად მოცვის პლანტაციები ჩვენს ქვეყანაში 3000 ჰექტარს შეადგენს, თუმცა უმეტესობა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სამიდან ოთხ წლამდე ასაკის ნერგია და წარმოება სრული სიმძლავრით ჯერ ვერ მუშაობს. თუმცა ასოციაცია 2028 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 20,000–25,000 ტონა მოცვის წარმოებას პროგნოზირებს. ქართული მოცვი მაისიდან ივლისის დასაწყისამდე მოდის და ბაზარზე მაშინ შედის, როცა მაროკო და ესპანეთი ბოლო მოსავალს აგროვებენ. ამასთან, სერბეთი ქართული მოცვის წარმოების დაწყებიდან, დაახლოებით, 12-14 დღის შემდეგ იწყებს მიწოდებას, რომელსაც რუმინეთი მოსდევს, ხოლო პოლონეთი ბაზარზე ივნისის ბოლო-ივლისის დასაწყისში ჩნდება. ასოციაციის შეფასებით, საქართველო საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლოა, მოცვის მეტად ღირებულ მიმწოდებლად იქცეს, რადგან ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. კერძოდ, პროდუქცია ავიამიწოდებით, მაგალითად, დუბაიმდე 3,5 საათში, ხოლო ინდოეთში სულ რაღაც 5 საათში ჩავა.