როგორც აღმოჩნდა, საქართველოშიც და გლობალურადაც, ღვინის მოხმარება მცირდება. ამის შესახებ ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია ნათქვამი. უფრო კონკრეტულად, მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში მოხმარებული ღვინის მოცულობამ 93 600 000 ლიტრი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოში მოხმარებული ღვინის მოცულობა, გლობალური მოხმარების 0.43%-ს შეადგენს. შედარებისთვის, იტალიის მოხმარების წილი, გლობალურ მაჩვენებელში 10%-ია, საფრანგეთის - 11%, ხოლო აშშ-ს - 15%. გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2023 წელს მსოფლიომ 229 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო მოიხმარა, 2022 წელს - 234 მლნ ჰექტოლიტრი, 2021 წელს - 231 მლნ ჰექტოლიტრი. შეგახსენებთ, რომ 1 ჰეტოლიტრი 100 ლიტრს უდრის.