უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს განცხადებით, უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. მისი თქმით, ამჟამად უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობისთვის შესაძლებლობებს გახსნის. მემორანდუმს ხელი ონლაინ რეჟიმში მოეწერა. დოკუმენტს აშშ-ის მხრიდან ხელი ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა მოაწერა. უკრაინული მედია წერს, რომ დოკუმენტი იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერის განზრახვას ადასტურებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მომავალი კვირის ხუთშაბათს მოეწერება.