თავდასხმა საფრანგეთის ციხეებზე - ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით მოვაჭრეები დგანან. მისივე თქმით, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, კავშირშია თუ არა ის მომხდარ თავდასხმებთან. ციხეებზე თავდასხმებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ციხის თანამშრომლების დაშინებას შეეცდება, დაისჯება. მიმდინარე კვირაში საფრანგეთში თავდასხმები, სულ მცირე, ცხრა ციხეზე განხორციელდა. თავდამსხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მდებარე ციხეებთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თავდასხმები სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობასა და ტერორისტულ აქტებს წარმოადგენს.