ზოგადი განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, სკოლებში, ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტის დამტკიცება იგეგმება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ინიციატივა მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს ზოგადი განათლების ახალი ხედვის წარდგენისას გააცნო. ამასთან, ზოგადი განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას. პროექტი ასევე გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას ყველა საფეხურზე და სკოლების აღჭურვას საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოში არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერების მიმართულებითაც.