საქართველოში ავტოპარკის ზრდის პარალელურად საწვავის მოხმარებაც იზრდება - Palitra News

საქართველოში ავტოპარკის ზრდის პარალელურად საწვავის მოხმარებაც იზრდება

2025-04-17 13:52:44+04:00

საქართველოში ავტოპარკის ზრდის პარალელურად საწვავის მოხმარებაც იზრდება. ერთწლიან პერიოდში საწვავის მოხმარების ზრდამ თითქმის 20%-ი შედგინა. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ მიაჩნიათ, რომ საწვავის იმპორტის ზრდა ერთის მხრივ ავტომობილების იმპორტის მატებას უკავშირდება, მეორე მხრივ კი ტრანზიტული მოძრაობის გააქტიურებას. ქვეყანაში საწვავის მოხმარების ზრდაზე მიუთიტებს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც 2025 წლის მხოლოდ 2 თვეში ბიუჯეტში იმპორტირებული საწვავის აქციზიდან შემოსავალი 14.5%-ით გაიზარდა. მხოლოდ მიმდინარე წლის სამ თვეში, იანვარ- მარტის პერიოდში, ბიუჯეტმა აქციზიდან შემოსავლის სახით თითქმის 107 მლნ ლარი მიიღო. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ბოლო მონაცემებით, ამ წლის იანვარ-მარტში საქართველოში 345 ათას ტონაზე მეტი ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 55 ათასი ტონით მეტია. ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ წელს 3 თვეში რუსეთიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის მთელი მოცულობის 62.5% შემოვიდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 25%-ით მეტია.